დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა. შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ახალი შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია სადაზვერვო-დივერსიული ქმედებები და ნებისმიერი ლეტალური ტიპის იარაღის გამოყენება. რუსეთს, უკრაინასა და ეუთო-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ასევე აიკრძალა დასახლებულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებთან ახლოს მძიმე შეიარაღების შეყვანა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს, პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.
ზელენსკიმ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.