29 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიანობის მომხრე - ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ კანდიდატებზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამარცხების ერთადერთი გზა ერთობაზე გადის. პოლიტიკური სუბიექტების თითქმის უმრავლესობა თანხმდება, რომ გამარჯვების გზა ერთიანობაშია.

რეგიონების გარკვეულ ნაწილში პოზიციების შეჯერების მნიშვნელობაზე საუბრობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობის მომხრეა და კოლეგებს სხვა პარტიებიდან მოუწოდებს, პოზიციები დააახლოვონ.  

"რეგიონებში, ყველაში ალბათ არა მაგრამ უმრავლეს რეგიონში სასურველია მოხდეს გარკვეული პოზიციების შეჯერება. ასე რომ ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიანობის მომხრე. დრო მართალია ბევრი არ არის, მაგრამ მაინც არის დარჩენილი. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც აქვს ახლა ერთმანეთთან კონსულტაციები, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ დაახლოვდეს პოზიციები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობას" მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს და მიმართავს მათ, ნუ შეუწყობენ ხელს ოპოზიციის ერთობის შეფერხებას.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველზე მეტად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და მან ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს. ნუ იქნება ამ კონსოლიდაციის ოპოზიციური ერთობის შემაფერხებელი ზოგადად და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, "გირჩს" მოგვიწევს ოპოზიციასთან ინდივიდუალურად მაჟორიტარების კანდიდატებთან საუბარი იმ იდეებზე, რომელიც "გირჩს" გააჩნია და მხოლოდ ამის შემდეგ მხარდაჭერა. მაგრამ გვინდა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს, ყველანაირად მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარული კანდიდატებით გავიდეს არჩევნებზე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, "ლელოს“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს, თუმცა უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით პოზიციები შეცვალონ.

"ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გავითვალისწინოთ კონკრეტული კანდიდატების ვინაობა, არსებული კონფიგურაცია და შესაძლოა სადმე არ დავასახელოთ კანდიდატი. ეს ეხება თბილისსაც, ეს ეხება დანარჩენ 22 ოლქს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

დღის ამბები