ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, უკვე გამოიკითხა. ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს იცოდა, რა პრობლემები ჰქონდა 23 წლის ახალგაზრდას.
როგორც საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, დაზარალებულ ოჯახთან კომუნიკაციის დროს ის საქმის შინაარსობრივ ნაწილს არ შეხებია და მეტიც, მას საქმის მასალებთან წვდომა არ ჰქონდა.
ოჯახის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ კომპიუტერის გახსნის შემდეგ ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი სწორედ ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილმა იცოდა, პოლიციის თანამშრომელი ემოციური ფონით ხსნის.
"მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამე. კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე.
ის, რომ შარშია, ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონია. მე ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, სულ ყველა სამსახური იყო ჩართული.
მე როცა გავიგე, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ წავედი რუსთავში აღარ დამხვდა. მე არავის ვემალები, კიდევ გიმეორებთ. მე დღეს არ მირეკავდა, თუ გინდათ ნახეთ თავისი ტელეფონი," - აცხადებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილი.
ავტორი: სალომე უერთაშვილი