29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
მიმაჩნია, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ჰყავდეს ყველგან თავისი კანდიდატები - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ძალა ერთობაშია" იყო გაერთიანება, რომლის დახმარებით პოლიტიკურ ცხოვრებაში საუკეთესო შედეგების მიღწევა გახდებოდა შესაძლებელი. 

"წარმატების ფორმულა, როგორც ჩანს სხვადასხვა ადამიანებისთვის არის სხვადასხვაგვარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებობს ივანიშვილის პუტინისტური ხელისუფლების ყველაზე უფრო მკაფიო ალტერნატივა, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ნაციონალურმა მოძრაობამ ჩათვალა, რომ ძალა ერთობაშია იყო ის გაერთიანება, რომლითაც შესაძლებელი იყო ყველაზე უფრო კარგი შედეგის მიღწევა," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმითვე, მათ პარტიას ყველგან საკუთარი კანდიდატები უნდა ჰყავდეს. 

"მიმაჩნია, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ჰყავდეს ყველგან თავისი კანდიდატები და ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, რომ არსებობს ალტერნატივა, ეს არის ძლიერი ალტერნატივა, რომელიც იყო ხელისუფლებაში," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მთელ საქართველოში ერთიანი კანდიდატები იქნებოდნენ წარმოდგენილი, არ ყოფილა და ეს ინიციატივის დონეზე განიხილებოდა. 

"არასდროს არ ყოფილა განცხადება იმაზე, რომ ჩვენ მთელ საქართველოში ერთიან კანდიდატებს წარმოვადგენდით. იყო საუბარი თბილისზე, იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა თბილისში დაყენება ამ კანდიდატების არ იყოს იზოლირებული და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც გვყოლოდა საერთო კანდიდატები. იყო ამაზე საუბარი, მაგრამ არასოდეს გადაწყვეტილების სახით ეს არავის უთქვამს. მე პირადად ყოველთვის მომხრე გახლდით იმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში ჰყოლოდა თავისი კანდიდატები. "ნაციონალური მოძრაობა" დააყენებს უდიდესი ალბათობით ყველგან რეგიონებში თავის კანდიდატებს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს კიდეც,“ - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა "დღის კურიერში".

 

დღის ამბები