29 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ამ ეტაპზე რაც იკვეთება, გიორგისთან შემხებლობა ჰქონდათ ბოლო მომენტში მხოლოდ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს" - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ოჯახი ელოდებოდა. საუბარია ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 11-ივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე.

მირიან ნიკოლაძის თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიებები არ შეიცვლებოდა, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობდა. 

ასევე, უფლებადამცველი ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი წაქაძის მიერ ბრალის ნაწილობრივ აღიარებასაც ეხმაურება, რომელსაც გამოძიება ძალადობას ედავება. 

"ზოგადად, მთელი ეს ჯაჭვი არის ერთიანი კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპი და რგოლი. ზოგადად ამას მნიშვნელობა აქვს საერთო სურათისთვის, მაგრამ უშუალოდ გიორგის მკვლელობის ნაწილში, რა თქმა უნდა, წვეულების დარბაზში მომხდარი კონფლიქტის დეტალები ცოტა რთულია, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს. თუ რომელიმე მოწმეს, მათ შორის ბატონ წაქაძეს ან სხვებს ექნებათ რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩვენ დიდი სიამოვნებით გავუწევთ შუამდგომლობას გამოძიების წინაშე. თუმცა, ვერ გეტყვით, გარდა ამ უშუალოდ იქ მომხდარი ფაქტის აღიარებისა, რა შეიძლება თქვას წაქაძემ.“ - ამბობს მირიან ნიკოლაძე.  

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ოჯახს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვს, მათ შორის ისეთებიც, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა

მირიან ნიკოლაძის თქმითვე, "ტოიოტა ქამრის" ავტომობილის მგზავრები არიან ის ადამიანები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილთან ბოლო მომენტში შემხებლობა ჰქონდათ. 

"100%-იანი ალბათობით საქმეში არაფერი არ გამოირიცხება, ვიდრე საქმე არ დასრულდება. ბევრი რამ გადამოწმდა, მათ შორის "მერსედესის" მგზავრებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე რაც იკვეთება, გახლავთ ის, რომ გიორგისთან შემხებლობა ჰქონდათ ბოლო მომენტში, ანუ ვგულისხმობ მისი განზრახ მკვლელობის ფაქტს, მხოლოდ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.  

ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს, ვინაიდან შესაძლოა ერთმა ექსპერტიზის დასკვნამაც კი საქმეში მნიშვნელოვანი როლი და გარდატეხა მოახდინოს.

"შესაძლებელია ერთმა ექსპერტიზამაც კი ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ვერსიის დადასტურების თვალსაზრისით, რომ ეს აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ოჯახის გამოკვეთილი პოზიციაა, "ტოიოტა ქამრის" მარკის ყველა მგზავრის მიმართ წაყენებული იქნას ბრალდება 109-ე მუხლით. 

"ოჯახის პოზიცია არის შეუცვლელი და კატეგორიული, რომ უნდა წაეყენოს ბრალდება 109-ე მუხლით ყველა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა "ტოიოტას" მარკის ავტომანქანაში. ჩვენი ეს პოზიცია გამოძიებამაც იცის და საზოგადოებამაც იცის, რომ არ იცვლება და არ შეიცვლება სავარაუდოდ, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების ვადაშივე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს წარდგენილი ეს ბრალდება აღნიშნული პირებისთვის და ვთვლით, რომ მოცემულ ეტაპზე ამის სათანადო საფუძველი არსებობს," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "დღის კურიერში. 

დღის ამბები