29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
​ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტის გამო დაკავებული 2 სახელმწიფო მოხელე - რა ვერსიებია პოლიტიკურ სპექტრში

საგამოძიებო სტრუქტურების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი მაშინ აიყვანეს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი პროდუქცია მანქანაში დატვირთეს და ტერიტორიას ტოვებდნენ. გამოძიების ვერსიით, მანქანით მათ 8300 კოლოფი სიგარეტი გადმოჰქონდათ.

უაქციზო სიგარეტის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანა ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებით, დიდი პრობლემაა, რომელიც არაერთ წელს ითვლის. მაგრამ ამ საქმეში წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა უკვირთ. საკრებულოს უმცირესობა ღვინჯილიას ბოლოდროინდელ განცხადებებს იხსენებს და ამბობს რომ სახელმწიფო მოხელე საკუთარი პარტიის პოზიციას ბოლო დროს ხშირად ეწინააღმდეგებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა მოგვიანებით გავრცელდება. მანამდე კი საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა წალენჯიხის მერისთვის. ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს და გამოძიების დასრულებას დაელოდება.

ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ასევე წალენჯიხის საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი. მათე ღვინჯილიას უფლებებს ამ ეტაპზე არავინ იცავს. მისი პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, უცნობია.

რაც შეეხება თემურ ღვინჯილიას, ეს მისი კორუფციასთან სავარაუდო კავშირის უკვე მეორე შემთხვევაა. 2019 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - ერთ-ერთ ანგარიშში წერდა, რომ წალენჯიხაში სხვადასხვა ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის მოგვარე, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებდა.

დღის ამბები