29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
COVID-19-ის დაუდგენელი წყაროებით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ბაზრობის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ტესტირება გრძელდება

ლილოს ბაზრობა თბილისში კვლავ ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. გამკაცრებული კონტროლის მიუხედავად, სავაჭრო სივრცეში დასაქმებული ადამიანების დაინფიცირების შემთხვევები იზრდება. გუშინდელ სამ დადასტურებულ მონაცემს, ლილოს ბაზრობიდან დღეს კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაემატა. COVID 19-ის გაზრდილი სტატისტიკისა და დაუდგენელი წყაროებით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ბაზრობის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ტესტირება გრძელდება. სავაჭრო სივრცეში დაახლოებით 6000 ადამიანია დასაქმებული.

კოვიდინფიცირების კერა, შესაძლოა, ქუთაისის ბაზრობაც გახდეს, რადგან ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ვირუსიან მოვაჭრეს სწორედ ქუთაისის ე.წ. "კეჩის" ბაზრობაზე დასაქმებულთან ქონდა კონტაქტი. მას ვირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის რეგულაციები გამკაცრებულია ქუთაისის ბაზრობაზეც.

დღეს დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი მათგანი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 6 შემთხვევა იმპორტირებულია - აქედან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. დაინფიცირების ორ შემთხვევაში კი წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ახალი მონაცემებიდან 2 პაციენტი ბათუმის საკარანტინო სივრციდანაა.  

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, საყურადღებოს უწოდებს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც, მართალია, სამომავლოდ გართულებებს არ ელოდება, თუმცა ვირუსის ეფექტური კონტროლისთვის რეკომენდაციების შესრულებას აუცილებლობად მიიჩნევს.

ქვეყანაში შეზღუდვების შემცირების შემდეგ, კოვიდინფექციის მზარდი სტატისტიკა მოულოდნელი არ ყოფილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისთვის. ამირან გამყრელიძე, ბოლო დღეების განმავლობაში, კოვიდინფიცირების შემთხვევათა ორნიშნა მაჩვენებელს მოსახლეობის მხრიდან ყურადღების მოდუნებას და რეგულაციების ნაკლებად შესრულებას უკავშირებს. მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ადამიანების მასიურად გამოკვლევისა და დროული იზოლირების შემთხვევაში, ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1131 შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 920. დღევანდელი მონაცემებით მკურნალობას 195 კოვიდპაციენტი განაგრძობს.

დღის ამბები