ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების მიზეზი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 34 ათასი ლარის ოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონელი.
ამავე ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებები ერთობლივად ჩაატარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. დაკავებულს ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი ამ წუთებში ხვდება.
"როგორც მე მითხრეს, სამსახურეობრივი მანქანით უნდა იყოს დაკავებული და წინასწარი ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი,"-აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი.
ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. განცხადება წალენჯიხის საკრებულოს პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა გააკეთა. ოპოზიციაში ღვინჯილიას დაკავებას მის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. მათი თქმით, თემურ ღვინჯილია ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა "ქართული ოცნების" ძირითად პოზიციას, რის გამოც მისთვის ასეთი სასჯელი მოიგონეს.
თემურ ღვინჯილიას დაკავების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.