ინფიცირების შემთხვევების გლობალური მატების ფონზე გასულ დღე-ღამეში ჯამში ვირუსით 6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, 3 წლის ბელგიელი ბავშვია, რომელსაც რამდენიმე მძიმე დაავადებაც ჰქონდა. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, შესაძლოა შეზღუდვები ისევ გამკაცრდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო მონაცემებს შემაშფოთებელს უწოდებს. ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ ჰიგიენური ნორმების გამკაცრების, სახელმწიფოებს კი კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებს.
ესპანეთში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო სამ კვირაში ვირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალღა აღმავალია. ბოლო 2 კვირაში მხოლოდ კატალონიაში COVID-19-ის 8 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობამ 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალა, რესტორნები და სპორტდარბაზები კი ხელახლა დახურა.
კორონავირუსის შემთხვევები მატულობს იმ სახელმწიფოებშიც, რომლებმაც საწყის ეტაპზე პანდემია დაძლიეს. სამხრეთ კორეაში, ბოლო 24 საათში მარტის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსი 113 ადამიანს აღმოაჩნდა. ჩინეთში კი 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთშიც, სადაც პოტენციურ ვაქცინაზე კლინიკური ცდები უკვე დაიწყო. ზრდის ტენდენციაა შენარჩუნებული ასევე ბრაზილიაში, ჯერ ისევ ინფიცირებული რჩება ქვეყნის პრეზიდენტი.
პანდემიის ცენტრად რჩება შეერთებული შტატები, სადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 145 ათასამდე კოვიდინფიცირებული.
ვაქცინაზე მუშაობენ რუსი მეცნიერებიც, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში იქნება ხელმისაწვდომი. რუსეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 5 871 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, 146 ადამიანი კი გარდაიცვალა. მზარდია სტატისტიკა საქართველოს მეზობელ სხვა სახელმწიფოებშიც. სომხეთში 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 332-ით გაიზარდა ეს რიცხვი აზერბაიჯანში. უკრაინაში მონაცემი 1100-ს, თურქეთში კი 937-ს შეადგენს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირში შიდა ფრენების დროს პირბადის ტარება ექვსი წლის ასაკიდან ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება.