29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ჩხრეკის დროს ამოღებული ვაზნები და ახალი მოწმეები - აქამდე უცნობი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ნიკა ჟვანიას სატელეფონო ანძების ამონაწერიდან ირკვევა, რომ რკინის ხელკეტიანი მორაგბე 19 ივნისის ღამის 1 საათსა და 16 წუთზე ჯერ კიდევ მცხეთაში იმყოფება და ტელეფონით ნაძალადეველ გიგა ჭანტურიას უკავშირდება.

ეს ის დროა, როდესაც "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრები გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში ტოვებენ. მანამდე კი, ჟვანია და ჩიქოვანი დიდი დაპირისპირების დროს ტელეფონით ერთმანეთს სამჯერ ესაუბრნენ. ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ 19 ივნისის დღის საათებში ჟვანია არა მანგლისში, არამედ საგურამოს ტერიტორიასთან იმყოფებოდა. მისი მობილური ტელეფონის ამონაწერი გამოძიებას 20 ივნისის ჩათვლით აქვს ამოღებული.

ჟვანიას მობილური ტელეფონი ამ დრომდე არ დევს საქმის მასალებში, ის გამოკითხვის დროს გამომძიებლებს უმტკიცებდა, რომ მობილური ტელეფონი 19 ივნისს მანგლისში ყოფნის დროს დაკარგა და დღის განმავლობაში რამდენიმე ავტოტრანსპორტით გადაადგილდებოდა.

სატელეფონო ანძების ჩანაწერებით, ჟვანია მანგლისში საერთოდ არ ყოფილა, მისი ტელეფონით კომუნიკაცია კი 20 ივნისის ჩათვლით გრძელდება. რა მიზნით იმყოფებოდა მორაგბე საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ხომ არ დაბრუნდა ის შემთხვევის ადგილზე უცნობია. მისი უფლებადამცველი ტრადიციულად საქმის მასალებზე არ საუბრობს და მის განხილვას მხოლოდ სასამართლოზე გეგმავს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, დაპირისპირების ღამეს ჟვანია თბილისში გიგა ტატიაშვილთან და ორ არასრულწლოვანთან ერთად ღამის 1 საათსა და 34 წუთზე დაბრუნდა, დროის ამ მონაკვეთში დაბრუნდნენ ნაძალადევში ტოიოტა ქამრის მგზავრებიც. რატომ დასჭირდა ჩამოსასვლელად ერთი და იგივე დრო ორივე ავტომობილს, მაშინ როდესაც მერსედესი ბრალდებულებისა და ჩანაწერების მიხედვით თბილისის მიმართულებით 12 საათსა და 44 წუთზე დაიძრა - 

ტატიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა მაგრამ ჟვანიას ნაწილზე საუბარი უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ ჟვანიას ტელეფონით საგურამოსთან სხვა პირი გადაადგილდებოდა.

ნიკა ჟვანია ვახო ჩიქოვანთან დაახლოებული პირია, ხომ არ წავიდა მისი თხოვნის საფუძველზე მორაგბე საქმის გასარჩევად, ხელკეტით შეიარაღებული მცხეთაში - უბნელებსა და ახლო მეგობრებს საერთო ადვოკატი იცავთ და "კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ ადვოკატის ანაზღაურებაზეც ჩიქოვანის დედა ზრუნავს.

რა შინაარსის საუბარი შედგა ჩიქოვანსა და ჟვანიას შორის ხიდის ქვეშ მომხდარი დაპირისპირების დროს უცნობია, გამორიცხული არ არის ჩიქოვანის თხოვნით ჟვანიას ინიციატივით დასახმარებლად მერსედესის ავტომობილი ხიდის ქვეშ ჩასულიყო, თუმცა ეს ადგილი სათვალთვალო კამერების არეალს სცდება. შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ ჟვანიას ჩვენებით, მისი მობილური ტელეფონის ამონაწერებითა და "სამსუნგ გალაქსის" დაკარგვის თემით გამოძიება დაინტერესებულია და საქმე გამოკვლევის პროცესშია.

"კურიერის" ინფორმაციით, საქმეში არ დევს ორი სახის ტექნიკა. ნიკა ჟვანიას მობილური ტელეფონი და ვახო ჩიქოვანის სმარტ საათი. ხელკეტიანი ჟვანიას, გარდა გამოძიება ვახო ჩიქოვანთან დაახლოებული სხვა პირებითაც დაინტერესდა, საუბარია ბრალდებულის ბიძაშვილ გოგოზე რომელიც 21 ივლის გაიჩხრიკა. გამომძიებელი მოსამართლისთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში წერს, რომ მას ჰქონდა გონივრული ვარაუდი რომ ბრალდებული ინახავდა იარაღს, რომლის განადგურებასაც გეგმავდა რის გამოც ჩხრეკა განჩინების გარეშე ჩატარდა.

ეძებდა, თუ არა გამოძიება ჩიქოვანის იარაღს მარიამ გოგიაშვილის სახლში უცნობია, თუმცა ეს ეჭვი ლეგიტიმურია რადგან ბრალდებულის სახლიდან რამდენიმე დღის წინ 4 ცალი ვაზნაა ამოღებული, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით გამოსაყენებლად ვარგისია.

"კურიერმა" გაარკვია, რომ საქმეში ორი ახალი მოწმეა. ორივე 18 ივნისის საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდის ქვეშ იმყოფებოდა და დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ამოღებული ვიდეო მასალების მიხედვით ორივე რუხი - მოვერცხლისფრო ფერის ავტომობილია. ერთ-ერთი კი ზურაბ ბარბაქაძეს ეკუთვნის, ის მცხეთაში ცხოვრობს.

გამოძიებამ ბარბაქაძე უკვე გამოიკითხა. კურიერმა მოწმე იპოვა და მის ოჯახის წევრებს გაესაუბრა, თუმცა მცხეთაში გვითხრეს, რომ ბარბაქაძეს არაფერი დაუნახავს და გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა.

დღის ამბები