29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ჩანაწერებია საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით - საგარეო უწყება

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსიის დამტკიცებას, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით, საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს ითვალისწინებს. 

"ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. 

კანონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ  აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე,  დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის  მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას,  აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი  კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპროექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც  აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი უკვე მეხუთე წელია ასიგნებების აქტში ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების შესახებ რედაქციას, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ურყევი მხარდაჭერის დასტურია. 

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.  

დღის ამბები