29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
არ არის გამორიცხული, 30-ვე შემთხვევაში მოვიგოთ პირველ ტურში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვოს. კობახიძე ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს ის რეიტინგი აძლევს, რომელიც დღეს პარტიას აქვს.

“30-ვე ოლქში ვაპირებთ გამარჯვების მოპოვებას, შეიძლება დაგვჭირდეს ზოგან მეორე ტურები, თუმცა დღევანდელი საშუალო მაჩვენებლით, რაც გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც 30-ვე შემთხვევაში მოვიგოთ პირველ ტურში. ანუ, დღევანდელი საშუალო რეიტინგი რაც არის, ბუნებრივია, მაჟორიტარების რეიტინგიც დაახლოებთ ამას მიყვება, შესაბამისად, ის რაც გვაქვს პარტიული საშუალო რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით, ამის გათვალისწინებით, ისიც კი არ არის გამორიცხული, რომ 30-ვე შემთხვევაში მოვიგოთ პირველ ტურში, თუმცა საზოგადოება წყვეტს ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია აქცენტს აკეთებს მაღალკვალიფიციურ კვლევებზე, რაც იძლევა შედეგების წინასწარ პროგნოზირების საშუალებას.

"გვყავს სანდო პარტნიორები, რომლებსაც თუნდაც 2018 წლის მეორე ტურის დროს 1%-თაც არ აუცილებიათ შედეგი. ჩვენ გვყავს ადგილობრივი კომპანია, რომელიც გვეხმარება კვლევების ორგანიზებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე -  რა ნიშნით შეირჩა 30 მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შერჩევისას მთავრი კრიტერიუმი წარმატება იყო.

"წარმატება იყო მთავარი კრიტერიუმი, საქმიანობაში, განვლილ ცხოვრებაში და თქვენ რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, თითოეული მათგანი არის ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში  და ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება გახდეს გადამდები ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებისთვისაც. მათ თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ 30 კანდიდატის შერჩევაში საბოლოო გადაწყვეტილება  პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნა მიღებული და ყველა მათგანს  პარტიის 15 ლიდერის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

"სამუშაო პროცესი უძღვის ამას წინ, სადაც პარტიის მენეჯმენტი არის ჩართული, შტაბი არის პასუხისმგებელი წინასწარ სამუშაოებზე. საბოლოოდ გადაწვეტილება მიიღება პოლიტსაბჭოს ფორმატში, სადაც არის წარმოდგენილი ჩვენი პარტიის 15 ლიდერი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეო არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთ კოლეგიურ ფორმატში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები