29 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
კენ ვოლკერის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია

თბილისში კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, როგორც ბავშვებს ისე მოზრდილებს რეაბილიტაციის კურსის გავლა და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღება უკვე შეუძლიათ.

კლინიკა ყოველდღიურად 200 ბავშვის და 250 მოზრდილის მომსახურეობას შეძლებს. ქართველ სპეციალისტებთან ერთად მკურნალობის პროცესში ჩართულნი არიან უცხოელი რეაბილიტოლოგებიც.

სამედიცინო ცენტრი პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

კენ ვოლკერის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კლინიკა თბილისში, 8000 კვმ შენობა-ნაგებობას, 4500 კვმ სარეკრეაციო და რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ ზონას მოიცავს. ის საჭიროების მქონე პირებს სრულ კომპლექსურ სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირების ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე.

ცენტრის რეგიონალურ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისაუბრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მათი განცხადებით, სამედიცინო ცენტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარი და საქართველოს და ამერიკის პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლოა.

საქართველოს და ამერიკის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი საქართველოში ამერიკის ელჩმაც. დიპლომატმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

სარეაბილიტაციო ცენტრთან ერთად, საზეიმოდ გაიხსნა კენ ვოლკერის მემორიალიც. ვოლკერი ჩართული იყო გლობალური ჯანდაცვის სფეროში, ამ მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ამერიკელმა პროფესორმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომხდარ მნიშვნელოვან ძვრებზეც.

2005 წელს მას გადაეცა საქართველოს, ხოლო 2011 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. კლინიკის მშენებლობა დაფინანსდა კერძო ინვესტორის მიერ. თბილისსა და ბათუმში პროექტის მშენებლობაში 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

დღის ამბები