29 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ქათმის გამო დაწყებული კონფლიქტი ორ სოფელს შორის - დუისის და მატნის დაპირისპირებული მოსახლეობის შერიგება გადაიდო

ქათმის გამო დაწყებული კონფლიქტი ორ სოფელს შორის - დუისის და მატნის მცხოვრებლები დღეს ვერ შერიგდნენ, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მხარეები ორ დღეში ისევ შეიკრიბებიან. უთანხმოება ქისტებსა და მატნელებს შორის, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, როცა დუისში სამანქანო გზაზე ავტომობილით ქათამი გაიტანეს.

ფაქტს ადგილზე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, მატანში მცხოვრები ორი პირი სასტიკად სცემეს, რის გამოც მატანის მოსახლეობა ინციდენტში მონაწილე ქისტების დასჯას მოითხოვს.

"იყვნენ ხალხი და ისაუბრეს. ჩხუბი ვის შორისაც იყო, ისინიც შერიგდებიან. ჩხუბი ხშირად არ არის, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ მოხდეს, მაგრამ უმჯობესია არ ხდებოდეს მაგრამ მალევე ხდება ჩარევა და შერიგება. მეზობელი სოფლებია და ერთმანეთს მეზობლურად უნდა მოვექცეთ,"- უთხრა "კურიერს" პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა. 

"ამ ეტაპზე თავისუფალი გადაადგილება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება დაპირისპირებულ რამდენიმე ადამიანს, ისინი თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდებიან, მოილაპარაკებენ და შერიგდებიან,"- აღნიშნა "კურიერთან" პანკისის ხეობის მკვიდრმა სულხან ბორძიკაშვილმა.

მატნელებსა და პანკისელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა,. მისი თქმით ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში პრობლემებს ქმნის. 

"ყოველ ჯერზე, პატარა ინციდენტზე, ქმედებები მატნელების მხრიდან არის მიუღებელი. იმ წუთას კეტავენ გზას. ნასვამები ყოფილან, დღეს ბევრი მართავს არაფხიზელი საჭეს, იმიტომ, რომ იციან სისტემა არ არსებობს, არის დაუსჯელობის სინდრომი და ყველაფერს კისრულობენ,"-უთხრა კურიერს" მალხაზ მაჩალიკასვილმა.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, პოლიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად, დილიდან ჩართულები იყვნენ პანკისის ხეობის უხუცესები. მათი შეფასებით ქათმის გამო მეზობელ სოფლებს შორის დაპირისპირება მიუღებელია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

დღის ამბები