29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
"ფრონტერა" საქართველოში რჩება - როგორ პასუხობენ მთავრობის გადაწყვეტილებას კომპანიაში

მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს, რომელსაც ვადა 27 ივლის გასდიოდა, აღარ ჩაშლის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიას საქმიანობისთვის საძიებო ტერიტორიის 1% დარჩება. 99% "ფრონტერამ" საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადადგეს. მიზეზად, საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯს ასახელებენ.

კომპრომისზე წასულმა ხელისუფლებამ "ფრონტერას" დღეს კიდევ ერთხელ გაუხსენა შეუსრულებელი ვალდებულებები და ბრძოლის მეთოდები, რასაც მმართველი გუნდი დისკრედიტაციის კვალიფიკაციას აძლევს. მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია თანამშრომლების მიმართ არსებულ რამდენიმეთვიან დავალიანებას დაფარავს.

"ფრონტერას" წარმომადგენლობა მთავრობას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამერიკული კომპანიისთვის კონტრაქტის შეწყვეტის და ჩაშლის გადაწყვეტილებაც უკანონოა. ზაზა მამულაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ ჩანაფიქრზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ კონგრესის კომიტეტმა სამხედრო ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, სადაც საუბარი საქართველოსთვის დაფინანსების საკითხსაც ეხება. "ფრონტერას" წარმომადგენელი მმართველი გუნდის მხრიდან ამერიკული ინვესტიციების შევიწროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამის გათვალისწინებით, კომპანიას მომავალი საქმიანობის პროგნოზების გაკეთება უჭირს.

"ფრონტერას" საქართველოში დატოვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა. ნაბიჯი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება, "ევროპული საქართველოსთვის" დაგვიანებულია. უმრავლესობაში ძირითადი აქცენტი საინვესტიციო კლიმატის გამჭვირვალობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გააკეთეს

ამერიკულმა "ფრონტერამ" საქართველოში მუშაობა 1997 წელს დაიწყო. საქმიანობის 20 წლის თავზე, სახელმწიფომ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. საარბიტრაჟო დავა არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ასევე ხშირად ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. "ფრონტერა" არაერთი კონგრესმენისა და სენატორის წერილისა თუ განცხადების ობიექტიც იყო. როგორც საქართველოში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების შევიწროების მაგალითი. ინტერნეტში იძებნება მასალა, რომელის მიხედვითაც ამ განცხადებების ერთ -ერთი ავტორის რესპუბლიკელი კონგრესმენის მალინის დამფინანსებელთა შორის სწორედ კომპანია "ფრონტერაა". დღეს კი, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, "ოუპენ სეკრეტს ორგიმ" "ფრონტერას" წარმომადგენლების მხრიდან, აშშ-ის კონგრესმენთა ფინანსური დახმარების მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, "ფრონტერამ" 2019 წელს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხარდასაჭერად 200 000 დოლარი გაიღო, 2020 წლის მონაცემებით, ეს თანხა 44 000 დოლარს აღემატება. კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობ კომპანიას შეერთებული შტატების რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის ფინანსური დახმარების გაწევა შეზღუდული აქვს. ამის გამო "ფრონტერა" რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხარდაჭერას ინდივიდუალური გადარიცხვებით ახდენს.

დღის ამბები