29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
უშედეგო ძებნის მე-6 დღე - 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები ანაკლიასა და ურეკშიც მიმდინარეობს

სამძებრო სამუშაოები სვანეთში, სადაც მე-6 დღეა 13 წლის მოზარდის კვალზე გასვლას ცდილობენ კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს. ილია ფილფანი მესტიაში სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა. დრონი, ვერტმფრენები, ასამდე მაშველი - მოზარდს ვერავინ ვერ პოულობს.

იმის გამო, რომ ბავშვს ზღვაზე წასვლა სურდა, ძებნა ანაკლიასა და ურეკშიც მიმდინარეობს, ​სადაც ადრე ილია ფილფანი მამასთან ერთად ისვენებდა. ბავშვს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებს.

ილია ფილფანის სამძებრო სამუშაო თითქმის 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ეძებენ ტყეში, მდინარეში, კოშკებში, ეკლესიებში, მიტოვებულ სახლებში, მაგრამ გამოძიებამ ხელჩასაჭიდი ამ დრომდე ვერაფერი ნახა.

როგორც ამბობენ, მისი კვალი სოფელ ლენჯერში იკარგება. სწორედ აქ შენიშნეს ადგილობრივებმა ბოლოს სლავური გარეგნობის, დაახლოებით 1 მეტრისა და 70 სანტიმეტრის სიმაღლის მოზარდი, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა.

ილია ფილფანი მამასთან ერთად საქართველოში ოქტომბერში ჩამოვიდა. წასვლა კი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების, კერძოდ კი ჩაკეტილი საზღვრების გამო ვეღარ მოახერხა. მოზარდმა ქართული ენა არ იცის და სწორედ ამიტომ თანატოლებთან კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. გაუჩინარებამდე ხშირად კითხულობდა და ველოსიპედით სეირნობდა.

სახლიდან წასვლის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახი მოზარდის ასაკობრივ პრობლემებსაც უკავშირებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ბავშვი საკმაოდ მშვიდი იყო და სტრესისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია.

18 ივლისს დაახლოებით 11 საათზე ილია ფილფანი სოფელ ლენჯერში ველოსიპედით გავიდა სასეირნოდ. მის დაბრუნებას ოჯახი უკვე მე-6 დღეა ელოდება.

დღის ამბები