29 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ახალგაზრდის თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის, რატომ ვერ იპოვეს სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი. 

"თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით მაგ გზაზე. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ, ტრიალ მინდორზე და იწყება მერე ტყე. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ვკითხეთ, შემთხვევით რამე ხომ არ გინახავთ, ვეძებთ გოგონას. მწყემსებმა ხელები გაასავსავეს. არ იყო მიუვალ ადგილას, არ იყო გადამალულ ადგილას, რომ მანქანის დაფიქსირება ვერ მოხერხებულიყო,“ - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.

ახალგაზრდის მიერ თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ მეგობრებიც.

"ადამიანი, რომელიც მოდის სამსახურიდან იმის გულისთვის, რომ უნდა სწავლას დაუთმოს მეტი დრო, შესაბამისად, ფიქრობს მომავალზე, როგორ, ორ დღეში დგება და ადამიანი თავს იკლავს? კარგი, ვთქვათ უცბად სტრესი მიიღო, ან შეურაცხადი გახდა, მიდის 100 კილომეტრში და იკლავს თავს?“ - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

 

დღის ამბები