29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
შსს - ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვა არეალში, ამიტომ ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის აღმოჩენა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები კონკრეტული მიმართულებით მიმდინარეობდა, ხოლო გარდაცვლილის ავტომობილი სრულიად განსხვავებული მიმართულებით აღმოჩნდა.

მისი თქმით, გამოკითხული ადამიანები სრულიად განსხვავებულ მიმართულებას უთითებდნენ და ძებნაც სწორედ იმ მიმართულებით მიმდინარეობდა. 

"თამარ ბაჩალიაშვილი დილის საათებში, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის ჭკვიანი კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომანქანას მართავს თავად. როგორც წესი, გამოძიება მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ოჯახის პოზიციებს. ოჯახის ჩართულობა პირველივე დღიდან არის ძალიან აქტიური. ამ კუთხით, საეჭვო მარშრუტი თუ გადაადგილების ლოკაცია, რაც აღმოჩნდა გამოძიებისას, ზუსტად ამ მიმართულებით მოხდა დეტალური შესწავლა, ათეულობით ადამიანი გამოკითხა. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფლობდა ინფორმაციას, თუმცა ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. თუმცა, შემთხვევის ადგილი კამერებზე, სადაც ავტომობილი დაფიქსირდა, იმის იქით, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსითაა დაშორებული და სწორედ ამ მიმართულებაზე არ იყო იქ, გამოკითხული მოქალაქეების მითითება.

თუმცა, ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ავტომანქანას. ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომელიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა. როგორც ავღნიშნე, ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამ კუთხით ვერ მოხერხდა ზუსტად იმ დღეებში ამ მანქანის აღმოჩენა,"- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები