29 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
იქნებიან თუ არა "ოცნების" საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძე და ბიძინა ივანიშვილი - კახა კალაძე "ღამის კურიერის" კითხვებს პასუხობს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე უარყოფს პოლიტიკურ წყენას "ქართულ ოცნებასა" და ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის.

"ღამის კურიერის" კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ყოფილი პრემიერი, კალაძემ უპასუხა, რომ ის გუნდის წევრი არ არის. 

"გიორგი გუნდის წევრი არ გახლავთ, ის არ არის პარტიის მოქმედი წევრი, აგრძელებს თავის საქმიანობას იმ მიმართულებით, რა გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღო, შესაბამისად, ამის გამო ის არ იყო მოწვეული,"-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თავი შეიკავა პასუხი გაეცა კითხვისთვის, ვიხილავთ თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კალაძემ განაცხადა, რომ ის ზეპარტიულია და მისი დასწრება არ იქნებოდა "სწორი და ლამაზი."

"არც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ის არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, ის არის ზეპარტიული. რაც შეეხება არჩევნებს, როცა ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა, ზუსტად იმის გამო მოხდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ის არ იყო რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი. მისი მოწვევა და დასწრება კონკრეტული პარტიის ღონისძიებაზე, პარტიულ ღონისძიებაზე, ვფიქრობ, არ იქნებოდა სწორი და ლამაზი,"-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები