29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
როდის გაიმართება სასამართლო სხდომა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - კოკო ღიბრაძე და ანა გაბეჩავა კიდევ ერთხელ გამოკითხეს

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამომძიებლების კითხვებს საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმე კოკო ღიბრაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა. მის გარდა, უწყებაში რამდენიმე საათი იმყოფებოდა იუბილარი ანა გაბეჩავაც.

კოკო ღიბრაძე ერთ-ერთია იმ მოწმეთა შორის, ვის გამოკითხვასაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე ბრალდებული მორაგბის ადვოკატი ითხოვს. ვასილ მამულაშვილმა ამ მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ღიბრაძის გარდა, არჩილ გაგნიძის ადვოკატს კითხვები ვახო ახვლედიანთან, გიორგი ქათამაძესთან და იაკობ ბრეგვაძესთან აქვს. იმის გამო, რომ საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი ქალაქში არ იმყოფება, მამულაშვილმა მისი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დღეს აღარ მოითხოვა.

მორაგბეების ადვოკატის მოთხოვნას მოწმე ახვლედიანის ინტერესების დამცველმა უპასუხა. კახა წერეთელი მიიჩნევს, რომ მამულაშვილის მოთხოვნა არალეგიტიმური და უსაფუძვლოა.

საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. ამ მიზნით, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის გადადება 1 თვით ითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება, თუმცა, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების შემთხვევაში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მათი მიმართებით მსგავს გადაწყვეტილებას კრძალავს, შესაბამისად, 31 ივლისს 6 არასრულწლოვნის პროცესი მაინც ჩაინიშნება. მათ შორის, ერთ-ერთი, ზ.ხ-ა, ის, ვინც "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა და ვის მიმართაც შაქარაშვილის ოჯახი 109-ე მუხლის გამოყენებას ითხოვს. ზ.ხ-ს ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის კვალიფიკაცია არ შეიცვლება. როგორც გიორგი გელხაური ამბობს, ამისთვის საჭირო მტკიცებულებები გამოძიებას არ გააჩნია.

პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა წარდგენილი ბრალის საფუძველზე მოხდება, თუმცა, ეს გარემოება, მათი თქმით, არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნებს ახალი ბრალდება წარედგინოთ.

საქმის შესწავლას განაგრძობს სახალხო დამცველი. ნახევარი მასალის შესწავლის შემდეგ, ლომჯარია ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჩვენებები, რომელსაც საქმის გარშემო მოწმეები და ბრალდებულები აძლევენ, ურთიერთგამომრიცხავია. პარალელურად, ომბუდსმენი ხვდება ყველას, ვისაც საქმესთან გარკვეული სახის შემხებლობა აქვს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ჯგუფურად განზრახ ჩადენილი მკვლელობის მუხლით ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ. შაქარაშვილის ოჯახი ამ მუხლით იმ 6 პირის დასჯას ითხოვს, ვინც "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა და ვინც, ბიძის ინფორმაციით, ფეხბურთელი ცოცხალი უკანასკნელად ნახა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები