29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა თამუნა ბაჩალეიშვილი ფონიჭალიდან თეთრიწყაროში - გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ამ დრომდე ვერავინ ამბობს, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალი ფონიჭალიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. 23 წლის თამუნა ბაჩალეიშვილის კვალი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში იკარგება. სწორედ იქ დააფიქსირა ბოლო სათვალთვალო კამერამ თამუნა ბაჩაილეიშვილის ავტომანქანა. გათიშულია დაკარგულის მობილური ტელეფონი და გაუჩინარებულია მანქანა, რითაც ახალგაზრდა ქალი გადაადგილდებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილს მშობლები უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ბოლოს დედამ შვილი სახლში მძინარე - შაბათს დილის 8 საათზე ნახა, მოგვიანებით, სამსახურიდან დაუკავშირდა, თუმცა მას ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. ოჯახი გამორიცხავს ფაქტს, რომ დაკარგულს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა ან სახლიდან წასვლის რაიმე სხვა პირადი მიზეზი ყოფილიყო. ერთადერთი ვერსია, რაც ახლა ოჯახს აქვს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა.

გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საცხოვრებელი კორპუსიდან შეუმჩნევლად არ გასულა, მეზობლებმა ის შაბათს დილით დაინახეს. ირკვევა რომ, გოგონამ კუთვნილი "ჰიუნდაის" ავტომობილით, სახლი დაახლოებით 9-დან 10-ის ნახევრამდე დატოვა.

გოგონა საჭესთან მარტო იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ. ძებნაში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთვნენ, როდესაც ბაჩალიაშვილის ტელეფონიც გაითიშა და ოჯახმა მალევე ძებნა დაუწყო.

ბოლო ლოკაცია, სადაც ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაიშია. თვითმხილველების ინფორმაციით ირკვევა, რომ იქ თეონა ბაჩალიაშვილი დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე მივიდა. რატომ მაინცდამაინც თეთრიწყარო - დედას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ მის შვილს იქ, არც მეგობრები და არც ნათესავები არ ჰყავს.

ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი ხაიშიდან თამარ ბაჩალიაშვილმა გოლთეთში გადაუხვია. მას არც იქ ჩაუვლია შეუმჩნევლად. მოსახლეობაში ამბობენ, რომ დაახლოებით დილის 11 საათზე მათ ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სოფლის ცენტრში დააფიქსირეს, საჭეს გოგო მართავდა, რომელიც მათი თქმით, ჩიხისკენ მიდიოდა, მეზობლები ეცადნენ მისთვის აეხსნათ, რომ იქით გზა აღარ გრძელდებოდა, თუმცა ავტომობილის მძღოლს ადგილობრივებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩიხთან მისულმა კი მანქანა მოატრიალა და საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა. მას შემდეგ იქ ის აღარავის უნახავს. სწორედ აქ ქრება მისი კვალიც.

ადგილობრივი პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფელ გოლთეთში მოსახლეობას კარდაკარ კითხავდა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე, ვერც გოგოს და ვერც მანქანის პოვნა ვერ ხერხდება.

გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები