29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარკ შჩეგელს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. 
საუბარი შეეხო COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას, ასევე ამ კუთხით ოკუპირებული რეგიონების საჭიროებებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, კვლავაც გაუწიოს დახმარება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. 

მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს.  

ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ  საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე. 
მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ქვაკუთხედია. ხაზი ასევე გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობას. 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო. აღინიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. 

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის ერთგულია. 

დღის ამბები