29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
პროექტი "გაითავისე ცა და ისუნთქე" - მუსიკალური საღამოები წყნეთის ტყეში

პროექტ ალისფერი ანგელოზების შემდეგ, იქ, სადაც სუფთა ჰაერი და სიმწვანეა, ყველაზე დემოკრატიული მუსიკა აჟღერდა. პაპუნა შარიქაძე და მეგობრები წყნეთის ამფითეატრში შეიკრიბნენ და მსმენელის წინაშე ნამდვილი, ჯაზური და სრულიად იმპროვიზირებული მუსიკალური წარმოდგენა გამართეს.

პოსტ კოვიდურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისგან გასათავისუფლებლად, ეს იყო თავისუფლების მუსიკა უღრან ტყეში.

უღრან ტყეში თავისუფლების საძიებლად პაპუნა შარიქაძემ მეგობრებიც დაიმგზავრა და მარიამ ჯანჯღავას და პიანისტის კოლაბორაცია ტრიოსთან ერთად შედგა.

სუფთა ჰაერით, ჯაზით და თავისუფალი აკორდებით გაჯერებულ საღამოზე მუსიკოსებმა ახალი კომპოზიციები შეასრულეს.

პროექტი, რომელიც ხელოვანთა გაერთიანება "კონცეპტ არტის" ინიციატივითა და თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება, უკვე რიგით მეორე მუსიკალურ საღამოს მასპინძლობს.

"გაითავისე ცა და ისუნთქე უღრან ტყეში" - ამ მუსიკალური საღამოების შთაგონება, რატი ამაღლობელის ლექსი გახდა. ასე გაჩნდა პროექტის იდეა, რომელიც სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს.

დამდეგ უქმეებზე, წყნეთის ამფითეატრი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტს უმასპინძლებს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები