29 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ფეხბურთელის მკვლელობის საქმე - პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის პლიუს 30 დღეს ითხოვს

დაუსახელა თუ არა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს განზრახ მკვლელობის საქმეში მომავალი ბრალდებულების სახელები და გვარები, უცნობია - შაქარაშვილის ბიძა შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, გიორგი შაქარაშვილის მშობლებთან ირაკლი შოთაძის ინიციატივით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც გენერალური პროკურორი ხელმძღვანელობდა, შოთაძის მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური ინსპექციის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი გიგა ძნელაძე ესწრებოდნენ. დაზარალებულებმა 19 ტომიანი საქმის დეტალები მოისმინეს.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინოს, თუმცა პროკურატურამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს - უწყება ექსპერტიზების დასრულების, საგამოძიებო მოქმედებებისა და მტკიცებულებების მოძიების მიზნით გამოძიების გაგრძელებას ერთი თვით ითხოვს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში წინა სასამართლო სხდომა 31 ივლისის ნაცვლად 31 აგვისტოს გაიმართება. 

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიებამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რომელიც დაკავებულებისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გიორგი შაქარაშვილის ოჯახისთვის საკმარისი გარემოებაა. საუბარია 9 ივლისს, გურამ ამირხანაშვილის მეხუთედ გამოკითხვის ოქმზე, რა დროსაც სავარაუდოდ დაზარალებულმა 18 ივნისის შესახებ ყველა დეტალი გაიხსენა. თუმცა, 19 ტომიან საქმეში გიორგი შაქარაშვილის მეგობრის ახალი ჩვენება ჯერ ასახული არ არის. ასევე არ არის მითითებული, რა მიზეზით იმყოფებოდა საქმის ოქროს მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროში. "კურიერმა" გაარკვია, რომ ამირხანაშვილი ბოლო რამდენიმე კვირაა ვაზისუბნის დასახლებაში არც მეზობლებს და არც მეგობრებს უნახავთ.

ბრალდებულების უფლებადამცველების განცხადებით, გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეაგროვა და ამტკიცებენ, რომ დამატებით ერთი თვეც უშედეგო იქნება.

ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ბრალდებული არჩილ გაგნიძის ერთი დღით საბადრაგო სამსახურის თანხლებით დაწესებულებიდან გამოყვანასთან დაკავშირებით​, პენიტენციურ დაწესებულებას უკვე მიმართეს.

საქმის ყველა ახალ ტომში გვხვდება სამხარაულის ექსპერტიზისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კვლევის ჩატარებას ეხება. დანიშნულია დამატებითი - დნმ-ის, ბიოლოგიური და კომპლექსური ექსპერტიზები.  

ხდება დამატებით ანაწმენდების აღება, როგოროც საქმის ფიგურანტი პირებისგან, ასევე ამოღებული ავტმომობილებიდან. ყვითელი შემაკავებელი ლენტი სავარაუდო შემთხვევის ადგილიდან, პოლიციას ჯერ არ მოუხსნია, ასევე ხიდიდან, რომელიც მდინარე არაგვთან მდებარეობს და გურამ ამირხანაშვილის სამალავიდან. პარალელურად კი, კონფლიქტის ადგილას დამცავი შემაკავებელი ჯებირების დამუშავება მიმდინარებს.

ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე გარბოდნენ და სადაც შესაძლოა დამნაშავეების კვალი დარჩენილი იყოს,  ახლა უკვე გასუფთავებული და შეღებილია.

დღის ამბები