29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
მე-16 გარდაცვლილი პაციენტი - 15 ივნისის შემდეგ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა

COVID-19-ით მე-16 პაციენტი ვირუსით ინფიცირებიდან 6 დღეში გარდაიცვალა. 72 წლის კაცს თირკმლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და პერიოდულად ნეფროლოგიის განვითარების ცენტრში დიალეზით მკურნალობდა. გასულ კვირას მორიგი ვიზიტის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, მონაცემები გადამოწმდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული მცხეთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. თავდაპირველად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა 4 დღეში ვირუსმა მდგომარეობა გაართულა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.      

15 ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა. გაიზარდა ინფიცირებულ პაციენტებთან კავშირში მყოფი პირების რაოდენობა. მათი უმრავლესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან არის. უკვე 20-ს აღწევს ინფიცირებულთა რიცხვი, ნაწილის წყარო ჯერ კიდევ დაუდგენელია. ეპიდემიოლოგებმა მარტო სოფელ მელაშხაში 223 პირდაპირი და ირიბი კავშირი მოიძიეს. შესაძლოა 3 სოფელში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღონ.

გარდაბანში მოსახლობის აქტიური ტესტირება ხვალიდან დაიწყება. არ არის გამორიცხული, COVID-19-ის შემთხვევები სოფლებში კიდევ უფრო გაიზარდოს. ხვალ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მიუხედავად ამ მონაცემებისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში სტაბილური მდგომარეობაა და ერთეული შემთხვევები არსებულ სურათს ვერ შეცვლის. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ვირუსმა ზაფხულის პერიოდში თვისებები შეიცვალა, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გასულ თვეებში იყო.

სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად სპეციალისტები ისევ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ და მეორე ტალღისთვის ემზადებიან.

 

დღის ამბები