29 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩეევნო კამპანიის ოფიციალური სტარტი - პრეზენტაცია კოჯორში შედგა

მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ სტარტამდე სტუმრებმა შეკრება ერთი საათით ადრე დაიწყეს.

სპეციალურად მოწყობილ სივრცესთან ელექტრომობილებით ან ფეხით მივიდნენ. მონაწილეებს შორის იყვნენ "ქართული ოცნების" როგორც მოქმედი, ასევე ძველი სახეებიც. კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც - ისინი, ვისი პოლიტიკური სიმპათიაც მმართველი გუნდია.

სტუმრებს შორის იყვნენ ის ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებმაც "კოვიდ19"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. პრეზენტაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. პარტიის დამფუძნებელმა მისასალმებელი სიტყვა მადლობით დაიწყო.

მადლობით დაწყებული მისასალმებელი სიტყვა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა საკუთარი გუნდის ქებით განაგრძო. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობამ პანდემიური კრიზისის ფონზე ხელისუფლების ეფექტიანობა დაინახა. სანამ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, რომ "ქართული ოცნება" 2020-ში გათვლას მაჟორიტარების კვოტით ძირითადად ძველ სახეებზე აკეთებს, პარტიის დამფუძნებელმა საარჩევნო პროგრამისა და პრიორიტეტების ნაწილიც გაასაჯაროვა.

წინასაარჩევნო კამპანიის სტარტს ოპონენტების ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. კანდიდატების წარსადგენი ტრიბუნა პარტიის დამფუძნებელმა პოლიტიკური ბრალდებებისთვისაც გამოიყენა. ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებს, თანამოაზრეებს, მხარდამჭერებსა და ტელეეთერების საშუალებით საზოგადოებას ოპოზიციის კონტექსტში სხვადასხვა დროის პოლიტიკური პროცესები შეახსენა.

"ქართული ოცნება" გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი გუნდი ასევე დარწმუნებულია იმაშიც, რომ მკაფიო ხედვა აქვს, როგორც გამოწვევების, ასევე მათთან გამკლავების გზებისაც. ქვეყანას რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი პრობლემების მოსაგვარებლად, პრეზენტაციაზე "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაადასტურეს. ღონისძიებაზე ისეც ითქვა, რომ ნომერ პირველი გამოწვევა და პრიორიტეტიც სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გადის.

"ქართული ოცნება" თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობას დებს. მმართველ პარტიაში ადასტურებენ, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი არჩევნებია. როგორც ხელისუფლება აანონსებს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მათი მიზნების შესახებ მოსახლეობა დეტალურად შეიტყობს. კანდიდატების შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმები გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები იყო. 

პრეზენტაციას მედია სპეციალურად შემოსაზღვრული სივრციდან აშუქებდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, დამატებითი განმარტებები, როგორც კანდიდატებმა, ასევე "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ლიდერებმაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გააკეთეს.

დღის ამბები