29 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები - "ქართულმა ოცნებამ" ფსონი კვლავ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ძველ სახეებზე დადო

აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მალევე, კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, ამჯერად ბრძოლას საპარლამენტო მანდატისთვის იწყებს. დავით სერგეენკოსთვის გზა მინისტრობიდან მაჟორიტარობამდე საბურთალოს ოლქზე გადის, ანუ იქ, სადაც ოპოზიციური ფლანგიდან თავს ყველაზე მეტი კანდიდატი მოიყრის. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზიც და ბრძოლის მთავარი მიზანიც - ჯანდაცვის სფერო და მისი წარმატებაა.

საარჩევნო მარათონში ჩაერთვება აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. სოზარ სუბარი, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრიცაა, უკვე ორი წელია პრემიერის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს. ის "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მოგვიანებით კი დევნილთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია და პირობას დებს, რომ 30-ვე ოლქში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს. აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება სასჯელაღსრულების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილიც, რომელიც ასევე გიორგი გახარიას მრჩეველია. ის ისნის ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება.

მაჟორიტარების დასახელებისას დღეს პოლიტიკურ წარსულთან ერთად პოლიტიკური აწმყო და თბილისელობის ხარისხიც მნიშვნელოვანი იყო. მთაწმინდა-კრწანისის ოლქში "ქართული ოცნების" სახელით პოლიტიკურ ოპონენტებს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაუპირისპირდება. ვაკის მოსახლეობის პრობლემების გახმოვანებას საკანონმდებლო ორგანოში ამავე რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეეცდება.

"ქართული ოცნების" ძველი და კარგად ნაცნობი სახე გია ვოლსკი დედაქალაქში საკუთარ სამაჟორიტარო ოლქს კვლავ არ ღალატობს და როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ძალებს ოქტომბერში, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში ცდის. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მისი ოლქი რთულია, თუმცა ცნობადობის ხარისხი მაღალი აქვს. მთავარ გამოწვევად გია ვოლსკი ოკუპაციას და კორონავირუსს ასახელებს.

სპორტსმენების სახეები ქართულ პოლიტიკაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კვლავ აქტუალური საკითხია. დედაქალაქის 8 ოლქიდან ორი სახელისუფლებო პარტიამ სპორტსმენს ჩააბარა. პოლიტიკური არენა ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტისთვის გლდანის ოლქი იქნება. ლევან კობიაშვილი ყველაზე დიდ სამაჟორიტარო ოლქში ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კი გოლის გატანას ნაძალადევის ოლქში შეეცდება.

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისას ფსონი კვლავ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ძველ სახეებზე დადო.

თბილისში წარდგენილ "ოცნების" რჩეულებს რამდენიმე წლიანი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. დედაქალაქი, სადაც ამომრჩევლების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, 8 სამაჟორიტარო ოლქადაა დაყოფილი. შესაბამისად, აქ გამარჯვებასაც ბრძოლის ველზე მყოფი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის გადამწყვეტი პოლიტიკური წონა აქვს.

დღის ამბები