29 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად 2020 წლის 31 ივლისი განისაზღვრა. 

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი.

ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლის შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება მოხდება," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები