29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
მათი ერთადერთი ღირსებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს უსიტყვოდ დაემორჩილებიან - ოპოზიცია "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს აფასებს

"ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები," - ასე ახასიათებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

კოჯორში პრეზენტაციას მმართველი პარტიის ოპონენტებმა "წარუმატებლობის ფორმულა" უწოდეს. მათივე განცხადებით, "ქართული ოცნება" წარდგენილი კანდიდატების საერთო ნიშანი არის ის, რომ ისინი  ბიძინა ივანიშვილის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილებიან. 

"მაჟორიტარობის კანდიდატებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ "ქართული ოცნება," როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია, რადგან ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ მათ აქვთ ძალა მოიზიდონ ახალი კადრები, საზოგადოებას წარუდგენენ ახალ სახეებს, განახლებულ შემადგენლობას და ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესენი არიან ის ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და საერთო გამაერთიანებელი ნიშანი ამ კანდიდატის არის ის, რომ ისინი უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა ბრძანებას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ცვლილებებსა და ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ამიტომ ის ახალი ოპოზიციური ერთობით უნდა ჩანაცვლდეს. 

"ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ცვლილებებზე, ქვეყნის უკეთეს მომავალსა და პერსპექტივაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი და ეს უკვე არსებული გუნდი, რომლებმაც ქვეყანაში მოიტანა სიღარიბე, ეკონომიკური თვალსაზრისით უპერსპექტივობა, ქართულ ოჯახებში უიმედობის განცდა, მოიტანა კრიმინალს დამორჩილებული სამართალდამცავი სისტემა და სერიოზული გამოწვევები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით და ავირჩიოთ ახალი გუნდი, ახალი, ოპოზიციური ერთობა პარლამენტში,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სია შეაფასა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც. მისი თქმით, კანდიდატებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხმების მისაღებად მმართველი გუნდი ფულს, ადმინისტრაციულ რესურსს და წეზოლას გამოიყენებს. 

"მინდა მოგილოცოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე რაღაც ვალდებულება აქვს. კარგია, ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების წინ გაგახსენდათ საკუთარი ხალხი, იმიტომ, რომ როგორც წესი, არჩევნების წინ გახსენდებათ, რომ უნდა გამოჩნდეთ, საკუთარ ხალხს დაელაპარაკოთ და რაღაც უთხრათ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან," იმიტომ, რომ გამოყენებული იქნება არა ავტორიტეტი და დარწმუნების მეთოდი, არამედ ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ზეწოლა და ა.შ. მათ შორის, ვინც დღეს დასახელდა, ძალიან ბევრია ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დეპუტატები. მოსახლეობას მივმართავ: ბევრი გახსოვთ მათი გამოსვლა?," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ამ სიის პოზიტიური მხარე ისაა, რომ ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ არის წარდგენილი.

"პოზიტიური თვალით თუ შევხედავთ წარდგენილ მაჟორიტარებს, ვნახავთ, რომ ენზელ მკოიანი აღარ არის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი, რაც თავისთავად ღირსშესანიშნავია, თუმცა, თუ რეალურად შევხედავთ, ეს სია არის სუსტი, სადაც შერჩევის კრიტერიუმი არის ბიძინა ივანიშვილის ერთგულება და არა იმ ღირებულებების, რომელთა დასაცავადაც ქართველმა ხალხმა "ქართული ოცნება" და ის დეპუტატები, რომელიც დღეს წარდგენილნი არიან, თავის დროზე აირჩია," - განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატთა სია წარმოადგინა. 

დღის ამბები