29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მეოთხე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე მეოთხე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. 2016 წელს, გზის გასაკეთებლად გამოცხადებულ 6 მილიონიან ტენდერში "ეიჯითი მენეჯმენტმა" გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა და პროექტის დასასრულებლად 12 თვიანი ვადა განისაზღვრა. "მენეჯმენტმა" ვალდებულება 2018 წელს ვერ შეასრულა, რის გამოც გზის ჩაბარების თარიღი კიდევ 2-ჯერ შეიცვალა. საბოლოდ, სამუშაოები 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზა კვლავ სარემონტოა. ადგილობრივების განცხადებით, მტვერი, ორმოები და გზისპირა სახლების დეფორმირება მათი ყოველდღიურობაა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხეობის სამ სოფელს დაუსრულებელმა საგზაო სამუშაოებმა გაუჩინა, უწყლობაა. ადგილობრივების თქმით, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ, მძიმე ტექნიკით სასმელი წყლის სათავე ნაგებობები დააზიანა. ამ მიზეზით სოფლებს რამდენიმე თვეა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც აქვთ.

"ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის არარსებობა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს აზიანებს" - ასე აფასებს ადგილობრივი ოპოზიცია ატენის ხეობის სოფლებში გზის რეაბილიტაციის ოთხწლიან პროცესს. გორის საკრებულოს წევრები სავარაუდო კორუფციაზეც საუბრობენ. ოპონენტებისთვის გაურკვეველია ვალდებულების სამჯერ შეუსრულებლობის მიუხედავად, რატომ არ მოხდა "ეიჯითი მენეჯმენტის" დისკვალიფიცირება და საქმიდან ჩამოშორება.

ატენის ხეობის 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი რომ წლებია პრობლემაა, ამას არც გორის მერი უარყოფს. კოტე თავზარაშვილის თქმით, ოთხწლიანი შეფერხება პანდემიამ და ერთი წლის წინ სოფლებში წყალგაყვანილობის შეცვლამ გამოიწვია. თავზარაშვილის განმარტებითვე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოავლინა.

როდის დასრულდება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვინ აღადგენს წყალმომარაგებას, კვლავ უცნობი რჩება. ორმოები, დანგრეული გზა და მუდმივი მტვერი - ეს იმ საავტომობილო გზის რეალობაა, რომლის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი უკვე დაიხარჯა.

დღის ამბები