29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 საათი იმყოფებოდა.

უწყებაში ის ადვოკატთან ერთად თავისი სურვილით მივიდა და გამომძიებლებს საქმის გარშემო კითხვები დაუსვა - აინტერესებდა, რატომ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. დღესვე გამომძიებლებმა მისი სოციალური ქსელის მიმოწერაც ამოიღეს.

იაკობ ბრეგვაძე მზად არის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღოს - როდის ჩატარდება არაგვის ხიდზე ექსპერიმენტი ჯერ უცნობია, თუმცა ადვოკატის მოთხოვნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხიდზე გვიან ღამით - შემთხვევის მოხდენის დროს დაემთხვეს, დაკმაყოფილებულია

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პარალელურად, დაკავებულთა ადვოკატები მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ. ამბობენ, რომ გამომძიებლებმა საქმის გამოძების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასვეს, ამ კითხვების დასმა ახლა მათ სურთ. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეები გამოკითხვაზე არ მივლენ, ადვოკატები მათ დაკითხვას უკვე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას იაკობ ბრეგვაძე და ვახო ახვლედიანი აღარ აპირებენ. მათი ადვოკატების თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გარშემო საგამოძიებო მოქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვახო ახვლედიანმა - საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა. ახვლედიანმა გამომძიებლებს ის ადგილები ანახა, სადაც იმალებოდა და სადაც დაპირისპირება მოხდა. ამოღებულია ახალი ნივთმტკიცებებიც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამომძიებლები მოწმეების მიმოწერებსაც სწავლობენ. უკვე ამოღებულია გიორგი ქათამაძის სოციალური ქსელის მიმოწერები, ის მეგობრებს საბედისწერო ღამის დეტალებს უყვება, აღწერს იმ დაზიანებებს, რომელიც დაპირისპირების შედეგად მან და კოკო ღიბრაძემ მიიღეს.

საქმეში დევს კოკო ღიბრაძის მიმოწერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელთანაც. "კურიერმა" გაარკვია, რომ მიმოწერა მას შემდეგ შედგა, რაც საქმის ოქრო მოწმე ვახო ახვლედიანი ხელახლა გამოიკითხა, რამაც ფეხბურთელის დის კრიტიკა გამოიწვია.

მიმოწერაში შაქარაშვილების ახლობელი ამბობს, რომ ოჯახმა იცის, თუ ვინ ჩაიყვანა არაგვის ხიდზე ნაძალადეველები.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უკვე დაკავებულია 17 პირი, თუმცა გამოძიებას დაკავებულებიდან არც ერთისთვის ჯერ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი არ წარუდგენია. თვის ბოლოს საქმეზე სასამართლო პროცესები იწყება.

დღის ამბები