29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
თბილისში მე-18 საუკუნის ძეგლი დააზიანეს - თეოლოგების მტკიცებით, განადგურებულია წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესიის ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები

თბილისში მე-18 საუკუნის ძეგლი დააზიანეს - განადგურებულია წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესიის ისტორიული ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები. თეოლოგები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ და სამართალდამცველებს მიმართავენ.

"წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით," - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. ის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დეკანოზისთვის მღვდელმსახურების აკრძალვას ითხოვს. ასევე თეოლოგის თქმით, ალავერდელმა მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა პოსტი უნდა დატოვოს.

თეოლოგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართავს და ითხოვს, რესტავრაციის დაწყებასთან ერთად, საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მეპატრონეს, ფინანსური კომპენსაციის გადახდა დაეკისროს. არის სხვა მოთხოვნებიც.

"ხელყოფილია მე-19 საუკუნის თავადების - სუმბათაშვილების საძვალე, რომელიც განთავსებული იყო ტაძრის შიდა სივრცეში. ამავდროულად ვიცით, რომ ფასადიც, რომელიც არის უნიკალური ქვითკირით აგებული, შეიმოსა ნიჩბისის ნატეხი ქვის პერანგით, რაც არის ამავდროულად უხეში დარღვევა კანონისა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზე არის, როგორც საფლავების შეურაცხყოფა, ისე იერსახისა და კოლორიტის ხელყოფა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წარმოადგენდა უნიკალურ საგანძურს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როგორც მამა ისესი, ისე საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის," - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ბექა ბარამიძის ინფორმაციით, საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს და პირველადი შესწავლით გარკვეული უზუსტობები და ხარვეზები იკვეთება. 

"ჩვენი ზედამხედველობის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე ადგილზე შეამოწმებს დარღვევისა და დაზიანების ფაქტს. შესაბამისად, შეფასება იქნება თუ რამდენად აქვს ძეგლს დაზიანება მიყენებული. სწორედ ამის საფუძველზე, ალბათ უკვე მოგვიწევს სამართლებრივი ქმედებების დაწყება და ინიცირება, რამდენადაც სააგენტო არ ყოფილა საქმის კურსში ჩაყენებული, რამდენადაც ვიცი არც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და მეცნიერებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭო. შესაბამისად, ყველა ეტაპზე არის უგულებელყოფა კანონის მოთხოვნებისა," - განაცხადა ბექა ბარამიძემ.

"კურიერი" სასულიერო პირებთან გასაუბრებას შეეცადა. წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ "კურიერს" განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არაკომპეტენტურია. მამა ისემ კი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დღის ამბები