29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ცესკომ "რესპუბლიკურ პარტიას" 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა

ცესკომ "რესპუბლიკურ პარტიას" რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიამ უწყებას ვადაგადაცილებით მიმართა.

"მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას უარი უნდა ეთქვას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე," - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რის საფუძველზე მიიღო ცესკომ გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლით მიმართვა უნდა მოხდეს 15 ივლისამდე, ეს ვადა კი ამ შემთხვევაში დარღვეული იყო.

პარტიას თავის მხრივ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.

"ჩვენ, 14 ივლისს ანუ კანონით დადგენილ ვადაში, ჩვენი განცხადება რეგისტრაციის თაობაზე ჩავაბარეთ ფოსტას, რისი მტკიცებულებაც გვაქვს. მიიტანა 15-ში თუ 16-ში ზუსტად ეს არ ვიცი. განკარგულება 17-ში მიიღო კომისიის თავმჯდომარემ, მას ორი დღის ვადა აქვს ამისათვის, აქედან გამომდინარე კომისიამ ის ნორმა, რომელზეც ვამბობ, რომ უნდა მიმართოს 15-მდე, განმარტა, რომ მასთან ფურცელი უნდა იდოს 15-მდე. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულება მიმართვის, 14-ში შევასრულეთ. ხვალ გვაქვს პროცესი 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში," - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები