29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე შსს-ში მივიდა - ფოტოგრაფს გამოძიებასთან კითხვები აქვს​

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

ადვოკატის განცხადებით ფოტოგრაფის, როგორც დაზარალებულის მხარეს, გამოძიებასთან კითხვები აქვს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დაკავებული მორაგბეების ადვოკატები მოწმეების ხელახლა დაკითხვას და კონკრეტული კითხვების დასმას მოითხოვენ. მათ შორის, უფლებადამცველებს კითხვები აქვთ ბრეგვაძესთან და ახვლედიანთანაც.

ადვოკატების განცხადებით, თუ გამოძიება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, სასამართლოს მიმართავენ.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი აცხადებს, რომ ბრეგვაძის გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დათანხმდებიან.

"ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან გარკვეული კითხვები და ამიტომ მოვედით. იძულებით ჩვენი მიყვანის უფლება არ აქვს არც გამოძიებას და არც ადვოკატებს. მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დაკავებული მორაგეების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის თქმით, გამოძიების პერიოდში ის კითხვები არ დასმულა, რაც მათ აინტერესებდათ.

"ისინი ვალდებულები არიან, რომ თითოეული მოწმე, რომელიც ფლობს ინფორმაციას, მიაწოდონ მხარეებს. დამატებითი გარემოებებით გამოვლინდა, რომ ახვლედიანი სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის. მაგალითად, 40 წუთიანი მალვის დროს როგორ შეძლო 18 ზარის განხორციელება,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წაშლილი SMS შეტყობინებების და ზარების აღსადგენად საქართველომ შესაძლოა დახმარება აშშ-ს სთხოვოს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები