29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ვცდილობთ მოვძებნოთ გზები IPRM-ის შეხვედრების აღსადგენად - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ​საოკუპაციო ხაზთან "კურიერთან" ერთად ჩავიდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ​საოკუპაციო ხაზთან "კურიერთან" ერთად ჩავიდა. პოლონელმა დიპლომატმა პირველ ემოციაზე და კონფლიქტის მოგვარების საკუთარ ხედვაზე ბექა პატურაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველად ხედავთ ამ ადგილს?

- დიახ, პირადად ჩემთვის პირველი შემთხვევაა.. COVID-19-ის კრიზისის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პირველი გამოცდილება და ვითარების საკუთარი თვალით ნახვა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

მარეკ შჩიგელი - პოლონელი დიპლომატი, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა 3 წლის ვადით გადაიბარა, უშუალოდ გამყოფი ხაზის დათვალიერების შემდეგ პირველ შთაბეჭდილებებს "კურიერს" უზიარებს. პირველი ინტერვიუ მწვავე პროცესებს დაემთხვა. გასულ კვირას სწორედ ამ ადგილთან ახლოს, სოფელ ქვემო ჭალიდან ოკუპანტებმა ადგილობრივი ზაზა გახელაძე გაიტაცეს, მანამდე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლიც გაუხსნეს და დაჭრეს.

"გიდასტურებთ, რომ გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს მოყვა ინტენსიური აქტივობები ცხელი ხაზის მეშვეობით. ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, პროცესში აქტიურად ვართ ჩართული.. ჩვენი მონიტორები მუდმივად პატრულირებენ. ვცდილობთ ინფორმაცია მოვიპოვოთ ფაქტებზე იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს არ არის ადვილი იმის გათვალისწინებით, რომ გამყოფ ხაზს მიღმა წვდომა არ გვაქვს. ეს ინციდენტი და ბევრი სხვა მსგავსი ცხადად აჩვენებს პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას. დიალოგით შესაძლებელია არსებული სირთულეების მოგვარება და ინციდენტების პრევენცია სამომავლოდ.. სწორედ ამიტომ ვცდილობთ მოვძებნოთ გზები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში შეხვედრების აღსადგენად. დამიჯერეთ, როგორც დიპლომატს საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და საუკეთესო გზა ყოველთვის პირდაპირი დიალოგია.. ვიმედოვნებ მხარეები გამოიჩენენ მზაობას და ჩვენ შევძლებთ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან... მათ შორის ამ ბოლო ინციდენტის განსახილველად, რომლის შედეგად ადამიანი დაიჭრა," - აცხადებს  მარეკ შჩიგელი

მოლაპარაკებების აღდგენასთან ერთად სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი პრაქტიკული საკითხების სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ყოფას გააუმჯობესებს. პირველი მოწოდება ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გახსნას შეეხება.

"ჩვენ ახლა ოძისში ვართ,სადაც გამშვები პუნქტი მდებარეობს და ის აუცილებლად უნდა გაიხსნას. ასეთი პუნქტები დიდი მნიშვნელობის არის ადამიანებისთვის ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ისინი 2008 წლის კონფლიქტით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამჯერად კი გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო მათ ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება, ეს ნაბიჯი დროულად გადადგან. აქ მცხოვრებ ხალხს უნდა მიეცეს საკუთარ მეზობლებთან, ნათესავებთან კონტაქტის შესაძლებლობა. მათ უნდა შეეძლოთ გადაადგილება კომერციული მიზნებისთვის ან განათლების მისაღებად," - ამბობს მისიის ახალი ხელმძღვანელი.

ოკუპირებულ და ჩაკეტილ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგის ჯგუფები მხოლოდ დისტანციურად აკვირდებიან. იქ სადაც მისვლა შესაძლებელია, ინფორმაციის პირველწყარო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობაა. ადგილობრივებთან გასაუბრება მისიის მონაწილეების ყოველდღიური საქმის ნაწილია. ამ შემთხვევაში მონიტორებს პანდემიის გამო დადგენილი წესების გათვალისწინება და დისტანციის დაცვაც უწევთ.

იმ ფონზე, რომ გატაცების შემთხვევები ხშირია, ბოლო შემთხვევაში კი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლიც გაუხსნეს, ადგილობრივების უმთავრეს გამოწვევად კვლავ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა რჩება. მათი მდგომარეობის შესახებ ბრიუსელის და ევროპის სხვა დედაქალაქების ინფორმირებას სადამკვირვებლო მისიის 216 კაციანი შემადგენლობა ახალი ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში განაგრძობს.

დღის ამბები