29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
რუსული ოკუპაცია საქართველოს საზღვრებთან ერთად ფანტაზიის საზღვრებსაც არღვევს - საოკუპაციო რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიის თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა

დღეს ორი ოჯახი საერთო მიზეზმა, ოკუპაციამ შეახვედრა. ყოფილი ტყვე ექიმი გახელაძეების ოჯახს ესტუმრა, სალაპარაკო მათ ბევრი ჰქონდათ. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა საკუთარ თავზე გამოსცადა, თვლის, რომ ის, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს გაუკეთა გაუგონარია და ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მან თავი მარტო არ იგრძნოს.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავა, რა დროსაც ის ფეხში დაჭრეს - ის ახლა კარანტინშია იზოლირებული. ე.წ. კგბ ცენტრალურ ხელისუფლებას ბოლო განცხადებით იმის გააზრებისკენ მოუწოდეს, რომ დაჭრილს ახლა მხარდაჭერაზე მეტად კვალიფიციური იურისტი სჭირდება, რადგან მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და სამართალდამცველებზე თავდასხმას ედავებიან. ცინიკურ ტექსტში იმასაც წერენ, რომ ვითარებას საქართველო ძაბავს, აკრიტიკებენ მის პარტნიორებსაც და საკითხში არც ოჯახის ჩართვას ერიდებიან.

ვიდრე გახელაძეების ოჯახის წევრის სახლში დაბრუნებას ელოდებიან, ხელისუფლება იმ ინსტრუმენტებზე საუბრობს, რომელიც პრემიერის თქმით, უკვე ამუშავებული აქვთ, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნონ.

გიორგი გახარიას დღეს, კიდევ ერთხელ მოუწია იმ პოზიციის დაფიქსირება, რომელიც რუსული პოლიტიკის კიდევ ერთ დესტრუქციულ ნაწილს ეხება - კონსპირაციას ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ. ამაზე დღეს დე ფაქტო საგარეო უწყებამ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც გახელაძისა და მღებრიშვილის საქმეებით დაასკვნეს, რომ ადგილი ჰქონდა მიზნმიმართულ სპეცოპერაციას ბიოლოგიური მასალის მოძიების მიზნით.

ოკუპანტების პროპაგანდისტული ხაზი ასეთია, რომ ამერიკასა და საქართველოს საშიში სამხედრო-ბიოლოგიური თანამშრომლობა აკავშირებთ. თბილისი რუს ექსპერტებს კვლავ ეპატიჟება, თუმცა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის მრჩეველი ხსნის, რომ ამის მიზეზი კრემლის სუბიექტურობაა

ის, რომ კრემლის პოლიტტექნოლოგების საყვარელი მეთოდი აბსურდული ინფორმაციის გავრცელებაა ღამურებთან დაკავშირებით - კარგად იციან იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამას თვალს წლებია ადევნებენ. რუსული კლასიკური პროპაგანდა მათი თქმით, საქართველოში იმ ინსტიტუციებს ებრძვის, რომელიც დასავლეთთან ასოცირდება და წარმატებულია. ამის წინააღმდეგ მექანიზმებად თბილისში პარტნიორების მხარდაჭერასა და მწყობრ სტრატეგიას ასახელებენ, რათა კრემლს დაუსჯელობის განცდა არ ჰქონდეს.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, კრემლმა დეზინფორმაცია და აგრესიული პოლიტიკა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა, რასაც პუტინის პრეზიდენტობის ახალ ფაზას უკავშირებენ. დეზინფორმაციის წამალი მათთვის განათლებაა, გატაცებების თავიდან ასაცილებლად კი მათი ნაწილი მეტი საგუშაგოს მშენებლობას მიიჩნევს სწორად.

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ტალღის ნაწილი იყო მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებაც,სადაც მიდი პოლიტიკურ სპექტაკლსა და სპეკულაციებში საქართველოსთან ერთად მის პარტნიორებსაც ადანაშაულებდა - პასუხი მათ უკვე მიიღეს, მათ შორის ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზეც, სადაც პარტნიორმა სახელმწიფოებმა საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუთქვეს მხარდაჭერა.

დღის ამბები