29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"COVID-19-მა საქართველოში კანონზომიერება დაარღვია" - როდის არის მოსალოდნელი ქვეყანაში ვირუსის მორიგი დარტყმა

გურამ როგავას "შაბათის რუბრიკაში" ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ, იმ რთულ  პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მთელს მსოფლიოსთან ერთად, საქართველო ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ებრძოდა. 

თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ბრიტანული გამოცემა BBC-იმ თავის სტატიაში "სამ მუშკეტერად" მოიხსენია. ეს იმ მიღწევების საპასუხოდ იყო, რომელიც საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსთან ბრძოლაში მიაღწია.

თენგიზ ცერცვაძე პანდემიის პერიოდში მთავარ ვერტიკალად რამდენიმე უწყებას ასახელებს, თუმცა როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, ლომის წვლილი ვირუსთან ბრძოლაში, ქვეყნის პრემიერს, გიორგი გახარიას მიუძღვის. 

"საქართველომ გააკეთა ის, რაც არ გააკეთა ან ვერ გააკეთა მსოფლიომ და ასევე, ჯანმომ. საქართველოში მთელმა სახელმწიფო ვერტიკალმა, მათ შორის გამოვყოფდი დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მკურნალ ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და გამორჩეულად, ბატონ გიორგი გახარიას. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ წარმატებულ ბრძოლაში და კრიზისული სიტუაციების მართვის შესაშური თვისებები გამოავლინა.

ექიმები მსოფლიო მასშტაბით წარმატებას ვაღწევდით მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობა ისმენდა რეკომენდაციებს და იღებდა შესაბამის ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ასეთი იყო ორი მნიშვნელოვანი შემთხვევა, ერთი გახლდათ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადად მთავრობა და ექიმები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მეორე შემთხვევა იყო ახლა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. მთავრობამ თავიდანვე სწორი პოზიცია დაიჭირა. 

ჩვენ ინოვაციურად მივუდექით საქმეს, მსოფლიომ თავიდან საფრთხე საერთოდ არ შეაფასა ჯეროვნად, ეგონათ რომ ეს დაიწყო ჩინეთში და იქვე შემოიფარგლებოდა. 

საქართველოს მთავრი მიღწევა იყო ის, რომ მყისიერად იყო გამოვლენილი ყველა შემთხვევა. საქართველომ მიღწია არამარტო დაავდების შემთხვევების მინიმალურ რიცხვს, არამედ გარდაცვალებულთა მინიმალურ რიცხვსაც. ის, რომ დღეს ერთი ან ორი შემთხვევის წყარო უცნობია არაფერს სახიფათოს არ ნიშნავს. სახიფათო იქნებოდა მაშინ, ბევრი შემთხვევა, რომ დაფიქსირებულიყო," - განცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ქვეყნის ინფექციონისტმა ასევე 10 თვის ჩვილის ინფიცირების საკითხზეც ისაუბრა. 

"შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა მასთან სტუმრად იმყოფებოდა ვინმე, ვისაც ვირუსი ჰქონდა, ან ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა უსიმპტომოდ ვირუსი, ესეც გამოვლინდება. გვაქვს ეფექტური მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია დავადგინოთ არამარტო ის ამწუთში სჭირს, თუ არა, ინფექცია ადამიანს, არამედ ის ჰქონდა, თუ არა და როდის მოხდა ეს,"- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.  

როდის უნდა ველოდოთ ვირუსის მორიგ დარტყმას? - თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შემდეგი რისკის შემცველი ეტაპი არის მაშინ, როდესაც ფრენები აღდგება.

"ჩვენ ის შეზღუდვები, რაც აქამდე გვქონდა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადავიტანეთ.

შემდეგი რისკის შემცველი ეტაპი არის მაშინ, როდესაც ფრენები აღდგება. ასევე, როდესაც შემოდგომა-ზამთარში აგრილდება დაიწყება და რესპირაციული ინფექციების სეზონი დაიწყება. თუმცა სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსმა ის კანონზომიერება დაარღვია, რომ ზაფხულში შემცირებულიყო გავრცელების რისკები. თუმცა ეს საქართველოში მართლაც ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენთან შესაძლებელია ე.წ მეორე ტალღა გამოკვეთილად კი არ დადგეს, შესაძლოა უბრალოდ პირველი ტალღა გადაიზარდოს მეორეში,"- აცხადებს ქვეყნის მთავრი ინფექციონისტი. 

დღის ამბები