29 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმის ფიგურანტები ახალ დეტალებს "კურიერს" უმხელენ 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საბედისწერო ღამის დეტალებს იხსენებს. კოკო ღიბრაძე საქმეში, როგორც დიჯეი, ისე ფიგურირებს და მან ავტობანის პირველი ეპიზოდის დროს დაზიანებები ბარძაყის არეში მიიღო. მონათხრობისა და ჩვენებების მიხედვით, მას ნიკა ჟვანიას მოქნეული რკინის ხელკეტი მოხვდა, რის შემდეგაც ის დანარჩენების მსგავსად გაიქცა და თბილისამდე ჩამოსვლა შეძლო. ღიბრაძემ ჯერ კიდევ 19 ივნისი გამოკითხვის დროს, გამოძიებას არ დაუმალა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე დახმარება მეზობლებს სთხოვა და მცხეთაში დაბრუნდა. გადაწყვეტილება მოწმემ მას შემდეგ მიიღო, რაც ვახო ახვლედიანმა და გიორგი ქათამაძემ დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ დამალვა ვერ შეძლეს და ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას მგზავრები თავს დაესხნენ,

დაზარალებულის მონათხრობით, მცხეთაში "ჰუნდაის" მარკის ავტომობილით მეზობელთან ერთად დაბრუნდა. ადგილზე ჯამში სამი ავტომობილით "ლექსუსი", "ჰუნდაი" და "ტოიტა პრიუსით" ჩავიდნენ, რომ 5 პირი წამოეყვანათ, მაგრამ ადგილზე მხოლოდ 2 ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დახვდათ - ორივე ნაცემი. მალევე გაირკვა, რომ გურამ ამირხანაშვილი წაქაძეს, იაკობ ბრეგვაძე კი გოგოებს ესაუბრა. ჩასვლის შემდეგ კი საბურთალოელებმა გიორგი შაქარაშვილის ძებნა დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე საავადმყოფოში მიიყვანეს.

ბარბარე ურიდია, წვეულების კიდევ ერთი სტუმარია. ის ერთ-ერთია იმ საბურთალოელებს შორის, რომელიც ლისიდან მაშინ წამოვიდა, როგორც კი ავტობანის დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი მეგობრების დახმარებით კი თბილისში ვახო ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩამოყვანა მოხერხდა. ურიდია იხსენებს, რომ ვახო ახვლედიანმა ჯერ ლუკა ბეჟანიშვილს დაურეკა და მომხდარი უამბო. ლისიდან ჩამოსულებს კი გზაში ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი და კიდევ რამდენიმე პირი შეხვდათ. ისინი იაკობს ტელეფონით ესაუბრებოდნენ და მომხდარი უკვე იცოდნენ, სწორედ ამის შემდეგ წავიდნენ ახალგაზრდების ნაწილი თემქაზე, საბურთალოელები კი იოსებიძეზე წავიდნენ, რის შემდეგაც ნაცემი ახალგაზრდები თბილისში ჩამოიყვანეს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მთავარი პრიორიტეტი არა მოწმეები და დაზარალებულები, არამედ ხიდის ქვეშ მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობის დადგენა და დასჯაა. აჩიკო გაგნიძის, ვახო ჩიქოვანისა და კიდევ ერთი არასრულწოვანის ბრალის შესაძლო დამძიმების საკითხი არ გამორიცხა დღეს გიორგი შაქარაშვილის ბიძამ. დაღუპული ფეხბურთელის ოჯახი განზრახ მკვლელობის საქმეში "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრისთვის 109-ე მუხლის წარდგენას ითხოვს. მირიან ნიკოლაძის განცხადებით გამორიცხული არაა, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ. -ზე ზეწოლას ძალადობაში მონაწილე პირები ახდენდნენ.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანმა ჩვენება, რომელიც გუშინ "კურიერმა" გაასაჯაროვა და რომელშიც წერია, რომ ბოლოს ხიდის ქვეშ ვახტან ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და კიდე ერთი არასრულწლოვანი იყო, საგამოძიებო უწყებაში პოლიციელის მხრიდან განხორცილებული ზემოქმედების შემდეგ არის დაწერილი. . უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების დასრულების მოლოდინში არიან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ გამომძიებლებს ზეწოლა დაუდგინდებათ, მაშინ ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიონ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქმეში უკვე დევს, დაკავებული არასრულწოვანის გამოკითხვის დღეს ამოღებული ვიდეო მასალები, რომელიც მცხეთის პოლიციის სამმართველოში სათვალთვალო კამერების დახმარებით არის გადაღებული. ჩვენი ინფორმაციით კადრებში ასახულია, როგორ ეკონტაქტება პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვანის მამა და დამშვიდობების დროს მათ ეხვევა, ჩნდება კითხვა, თუ ამავე შენობაში მის შვილზე მის წინაშე ფიზიკურ და მორალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რატომ დაემშვიდობა მამა პოლიციელებს ასეთი ფორმით.

"კურიერის" ინფორმაციით შესაძლოა 31 ივლისს ჩანიშნული წინა სასამართლო სხდომა გადაიდოს და გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვოს, ასევე ცნობილი გახდა, რომ 7 არასრულწლოვნის საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.

დღის ამბები