29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"შეიძლება ეს თვითმკვლელობა არაა, ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხა არ მიმაჩნია სწორად" - მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლებელია 15 ლუკა სირაძის გარდაცვალება თვითმკვლელობას არ უკავშირდება:

"ჩვენ გამოვიძიეთ, გამოვიკვლიეთ და ადგილი, საიდანაც ეს გადმოვარდნა თუ გადმოხტომა მოხდა, იყო  ადგილი, სადაც ეს ბიჭები იკრიბებოდნენ, პირველად არ იყო მისული და იყო სახიფათო ადგილი ძალიან იმისათვის, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა, რაშიც ჩვენ დაგვარწმუნეს თავის დროზე და ამის თქმა მინდა მხოლოდ, რომ შეიძლება ეს თვითმკვლელობა არ არის. დიდი იმედი მაქვს რომ თვითმკვლელობა არ არის,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. სასულიერო პირის თქმით, ლუკა სირაძისთვის ეკლესია ლოცვას აგრძელებს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მან ციხეში მოინახულა  გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია.

"ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე, რა თქმა უნდა მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხა არ მიმაჩნია სწორად," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

2019 წლის 11 დეკემბერს ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან   გადახტა და რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.  ოჯახის ინფორმაციით, მწვანე სკოლის შენობაზე გაკეთებული წარწერების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვისას არასრულწლოვანზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.

დღის ამბები