29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
დიდი რისკი იყო იმისა, რომ დემარში, რაც ჩვენ დავინახეთ აგვისტოს მიწურულს, უფრო დიდი ტალღის სახით მიგვეღო სექტემბერში - პაატა სალია

რატომ დაიწყო თანამშრომლების გარკვეული ჯგუფის "რუსთავი 2"-დან გაშვება  - “ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი განმარტავს,  რომ  არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომლების გარკვეულ ჯგუფებს, სატელევიზიო სეზონის დაწყების შემდეგ, ტელევიზია დაეტოვებინათ.

როგორც პაატა სალია ამბობს, ამის დაშვების საფუძველს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორისა და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იძლეოდა, რომელიც ახალი ტელეკომპანიის დაფუძნებას ეხებოდა.

"მე ვფიქრობ, რომ ტერმინი საკადრო წმენდა, ამ შემთხვევაში არასწორია. არ გვქონია განზრახვა ვინმე გაგვეშვა სამსახურიდან და ქიბარ ხალვაშმა ეს პირველივე დღეს განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც გაიშვა "რუსთავი 2-დან" იყო მაშინდელი გენერალური დირექტორი. დანარჩენებს, აღუთქვა რომ არ ჩაერეოდა მათ საქმიანობაში და არავინ არ გათავისუფლდებოდა.

თუმცა, მაყურებელს კარგად ახსოვს "რუსთავი 2-ის" ეთერები, მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2" გადაეცა მფლობელობაში ქიბარ ხალვაშს, არაფერი ეთერში არ შეცვლილა. ეთერიდან გვესმოდა ჯერ კიდევ განცხადებები იურისტების, რომ ისინი აპირებდნენ გაესაჩივრებინათ სტრასბურგს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამის უფლებამოსილება კომპანიას მათთვის მინიჭებული არ ქონია. თუმცა, ჩვენ არ ჩავრეულვართ მათ პროფესიულ საქმიანობაში.

გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი გარემოებები, რომ ნიკა გვარამია, ერთის მხრივ რამდენიმე დღეში, რაც აქედან წავიდა,  აფუძნებდა ახალ ტელეკომპანიას თავის თანაგუნდელებთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ მის სასამართლო პროცესებზე თუ სხვადსხვა მოვლენების კომენტირებისას, "რუსთავი 2-ის" არსებული თანამშრომლებისგან გვესმოდა, რომ ისინი ნიკასთან ერთად გეგმავენ ტელევიზიის გაკეთებას. მერე, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ტელევიზია იწყებს ფუნქციონირებას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ მუშაობდნენ. პარალელურად ამისა, არა ერთი განცხადება გაკეთდა ყოფილი გენერალური დირექტორისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაანგრევდა "რუსთავი 2-ს". შესაბამისად, ძალიან მარტივი ლოგიკაა, როდესაც ერთის მხრივ თანაგუნდელებთან ერთად ტელევიზიის დაფუძნებაზე საუბრობს ყოფილი გენერალური დიქტორი, მეორეს მხრივ ამბობს, რომ დაანგრევს ამ ტელევიზიას, ცალსახა და მოსალოდნელი იყო ჩვენთვის, ის, რომ სატელევიზიო სეზონის დაწყების შემდეგ, ძალიან დიდი რისკი იყო იმისა, რომ ის დემარში, რაც ჩვენ დავინახეთ აგვისტოს მიწურულს, უფრო დიდი ტალღის სახით მიგვეღო სექტემბერში და მართლა დანგრეულიყო ეს ტელევიზია, რის დაშვების უფლებაც ჩვენ არ გვქონდა,“ - განაცხადა პაატა სალიამ.  

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ე.წ. პრემიების გაცემის თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურა იკვლევს საკითხს, ჩადენილია თუ არა კონკრეტული პირების მიერ რაიმე დანაშაული.   

წამყვანის კითხვაზე - არის თუ არა ინფორმაცია, რა ოდენობის ბონუსზე იყო საუბარი, რომელიც კომპანიის გარეთ გაიცემოდა - პაატა სალია ამბობს, რომ ასობით ათას ლარზე იყო საუბარი, რომელიც თითოეულ თანამშრომელზე გაიცემოდა.

პაატა სალია ე.წ. პრივილეგირებული კონტრაქტების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 2017 წლის შემდეგ, როდესაც სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით აჩერებს აღსრულებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების, ამის შემდეგ ხდება გარკვეული ცვლილებების შეტანა თანამშრომლების ნაწილისთვის რამდენიმე კონტრაქტში. ის ამბობს, რომ ჩნდება არალოგიკური და უჩვეულო ჩანაწერებიც.

"თუ ადამიანი მიდის სამსახურიდან, როგორც წესი, მას კომპენსაცია არ მიეცემა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არღვევს ხელშეკრულებას. ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური ჩანაწერი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ "რუსთავი 2" აღარ არის მათ მფლობელობაში, შესაძლებელი ყოფილიყო დამატებით მოთხოვნების წაყენება ამ კომპანიის მიმართ,“ - განაცხადა პაატა სალიამ. 

კითხვაზე, იყო თუ არა ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც მსგავსი კონტრაქტით ისარგებლა, პაატა სალია ამბობს, რომ ამის შესახებ ნიკა გვარამიამ უკეთ იცის, რადგან მან გასცა პრემიები.

"მე არ დამისახელებია, დავრჩი იმ საკონტრაქტო ურთიერთობების ფარგლებში, რაც გვქონდა ადამიანებთან.“ - ამბობს პაატა სალია.  

 

 

 

დღის ამბები