"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია "ღამის კურიერის" ეთერში 2004-2006 წლის გარემოებებსა და ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებს.
პაატა სალიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ქიბარ ხალვაში დაიბარა და "რუსთავი 2-ის" წილების დათმობა მოსთხოვა. მისივე განცხადებით, წილების დათმობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ იმ დროინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც ტელეკომპანია ატარებდა.
როგორც პაატა სალია განმარტავს, სააკაშვილის რეზიდენციაში საუბარი იყო, რომ ქიბარ ხალვაშისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ ის ტელეკომპანიის წილებს დათმობდა რათა მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ქიბარ ხალვაშს არასდროს დაუმალავს, რომ როგორც ბიზნესაქტივი, მისი ინტერესი "რუსთავი 2" არასდროს ყოფილა.
"2006 წლის მიწურულს მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა ქიბარ ხალვაში თავის რეზიდენციაში და მოთხოვა მას დაეთმო „რუსთავი 2-ის“ წილები. ეს მითითებულია ჩვენს სარჩელში. ის გარემოება, რომ „რუსთავი 2-ის წილების დათმობა მიხეილ სააკაშვილმა მოთხოვა ქიბარ ხალვაშს, არ არის ახალი ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, ამაზე არა ერთი კომენტარი ყოფილა ქიბარ ხალვაშის და ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროიდან, როდესაც ქიბარ ხალვაშმა მიმართა საქართველოს პროკურატურას.
აქ საინტერესო არის ის, რომ თავად ქიბარ ხალვაშს არასდროს დაუმალავს ის, რომ როგორც ბიზნესაქტივი მისი ინტერესი არასდროს ყოფილა „რუსთავი 2“.
მაშინ, როდესაც 2004 წელს მან შეიძინა ეს ტელეკომპანია და ამ ტელეკომპანიის წილები, ეს განხორციელდა გარკვეული თხოვნის შედეგად. კერძოდ, მას შემოუთვალეს საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა, რომ თუ ის არ შეიძენდა „რუსთავი 2-ის“ წილებს, მაშინ ეს წილები აღმოჩნდებოდა ხელისუფლების მტრების ხელში, მაშინ მტრად მოიაზრებოდა ბატონი ბადრი პატარკაციშვილი. ქიბარ ხალვაში იძულებული იყო, ფაქტობრივად, მან ასეთი ფორმით მიიღო ეს თხოვნა, როგორც თვითონ აღწერს ამ გარემოებას და მას სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, რომ შეეძინა „რუსთავი 2-ის“ წილები.
თუმცა, ამის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება „რუსთავი 2-ში“. ხალვაში როგორც ბიზნესმენი იწყებს „რუსთავი 2-ში“ მოქმედებას, ანუ მან მოახდინა არსებული დავალიანებების დაფარვა. იმ პერიოდში 2 თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდათ თანამშრომლებს, რომლებიც მაშინათვე გაისტუმრა მისვლისთანავე ქიბარ ხალვაშმა. ხდება ახალი ტექნიკის შეძენა, სტუდიის გადაიარაღება.
იმდროინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც ატარებდა „რუსთავი 2“. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოსთხოვეს ხალვაშს „რუსთავი 2-ის“ წილების დათმობა. სააკაშვილის რეზიდენციაში სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ქიბარ ხალვაშისთვის სჯობდა დაეთმო ეს წილები, რათა მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა მერე ისტორიამ გვაჩვენა, რომ მშვიდად მაინც ვერ გააგრძელა ქიბარ ხალვაშმა ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ დაჰყვა პრეზიდენტის ნებას, ანუ გახდა ამ მუქარის მსხვერპლი, რაც მან მიიღო იმჟამად რეზიდენციაში," - განაცხადა „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.