29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"საზოგადოებრივი აზრის კვლევა მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალურმა კომპანიებმა უნდა ჩაატარონ" - კელი დეგნანი

ვინ და რა მეთოდოლოგიით უნდა ატარებდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, სოციოლოგიური კვლევები და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე - საკითხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განიხილეს, რომელშიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.

ამერიკის ელჩი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალურმა კომპანიებმა უნდა ჩაატარონ.

"პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ არაპარტიული, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებს. ამ სამუშაოს შესრულების შედეგად ჩამოყალიბდეს ეთიკის კოდექსი და რაც მთავარია გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანესი, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის განვითარების საქმეში," - აცხადებს კელი დეგნანი.

პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ობიექტური გამოკითხვა აუცილებელი ინსტრუმენტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 

"ეს დისკუსია ხელს შეუწყობს საბოლოო ჯამში რომ ჩვენს ქვეყანაშიც ვუზრუნველყოთ ისეთი სტანდარტი, სადაც ჩატარდება ობიექტური, მიუკერძოებელი კვლევები და ეს რეალურად დაეხმარება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს ემსახურება საზოგადოებრივი აზრის მიტანას პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ხელისუფლებასთან და არა პირიქით, როდესაც ზოგიერთი კვლევა არა თუ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ემსახურება, არამედ არა ერთ შემთხვევაში, პირიქით, ახდენს ზემოქმედებას და მანიპულაციას საზოგადოებრივ აზრზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრა USAID-საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.  

დღის ამბები