29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურა - სოფელ ყარათაქლაში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან 

"ქართული ოცნების" დეპუტატის  ოჯახის წევრს კორონა ვირუსი PCR ტესტმა დაუდასტურა. სახლი, სადაც სავალან მირზოევის მამიდა ცხოვრობს ახლა დაკეტილია. COVID-19-ის ინფიცირების წყარო მისივე მეზობელია. გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაქლაში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან. 

ოჯახის წევრის ინფიცირების შესახებ მიღებულ ინფორმაციას დეპუტატი არ შეუშინებია. როგორც თავად ამბობს, მისი კოვიდ ინფიცირების ალბათობა 0%-ია, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მას მამიდასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავალან მირზოევი დღევანდელ რიგგარეშე სხდომასაც ესწრებოდა.

მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს ამ დრომდე ებრძვის კიდევ 10 ქართველი ჯარისკაცი. სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში ავღანეთიდან სპეცრეისით დღეს დააბრუნეს. ისინი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში განაგრძობენ. ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" 38 ქართველი სამხედრო დაინფიცირდა. მათგან რვამ კლინიკა უკვე დატოვა. 

ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას COVID-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტიც. განათლების სამინისტროსა და ექიმების გადაწყვეტილებით, ბოლო გამოცდა მან კლინიკაში დღეს ჩააბარა. პალატა შესაბამისად აღიჭურვა, გამოიყო სპეციალურად ეკიპირებული 2 მეთვალყურეც. ინფიცირებულმა უცხო ენის ტესტი ვიდეოკამერის მეთვალყურეობის ქვეშ დაწერა. 

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს დღეს 4 ახალი შემთხვევა დაემატა. ყველა მათგანი იმპორტირებულია. ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინე ზონიდან მოხვდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. 

 

 

 

დღის ამბები