29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"ღამურები" - მორიგი მტრის ხატი რუსეთისთვის, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ იყენებს

საოკუპაციო რეჟიმი ცინიკური და პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს. ე.წ. დეფაქტო ცხინვალის მიერ გუშინ გავრცელებული მათ მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ე.წ. აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ პუტინის რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაზე მიზანმიმართულ შეტევას განაგრძობს და ამისთვის ყველა ხერხს მიმართავს, თუნდაც ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერდეს. 

ჯუმბერ მღებრიშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ღიმილი მოჰგვარა. საკუთარი ძმისგან ღამურების ძიების მცდელობა მისთვის ისეთივე კომიკურია, როგორც მისი ამერიკასთან კავშირი. ფიქრობს, რომ ეს დაცინვაა. იმ მეჯვრისხეველევბს, ვინც ტყვეობაში მყოფსაც კარგად იცნობენ და რუსული აგრესიაც საკუთარი თვალით ნახეს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რაც ხდება პოლიტიკის ნაწილია.

თავად საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ვიდეოს ჟანრი ჭეშმარიტად - ფენტეზია. ე.წ. КГБ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ გავლებული საოკუპაციო ხაზი ღამურების საძებნელად გადალახა, რომელზეც ლუგარის ლაბორატორიაში თითქოსდა დიდი მოთხოვნაა. იმ ლაბორატორიაში, რომელიც რუსეთმა შექმნის დღიდან ამოიღო სამიზნეში.

რუსული მედია არც დღეს მორიდებია იმის მტკიცებას, რომ ლაბორატორია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მეტიც, საუბრობენ ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ დაფიქსირებულ სპეცავტომობილებზე, რომელიც თითქოსდა მოქალაქეების ბიომასალას საეჭვოდ აგროვებს.

ბოლო დროის აბსურდულ განცხადებებზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა დღეს აშშ-ის ელჩმა, რომლიც ლუგარის ცენტრში დღეს პირადად იმყოფებოდა. დიპლომატისთვის ნათელია, რომ საქმე საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს, რაც მოსკოვისგან უცხო არ არის. კელი დეგნანმა კრემლის გუშინდელი განცხადებასაც უპასუხა, სადაც თბილისსა და ვაშინგტონს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე კომენტარების გამო პოლიტიკური სპექტაკლების დადგმაში ადანაშაულებდნენ.

ის, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება მძიმეა და დაუყოვნებლივ მოითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაზრდას, ამაზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრეზიდენტმაც. ამ თემაზე მოსკოვის პოზიციონირების გათვალისწინებით პრეზიდენტისთვის დიალოგისკენ მოწოდებები აზრს კარგავს. საოკუპაციო ხაზთან განგრძობადი გატაცებები კი სტაბილურობას უთხრის ძირს, ისევე როგორც რუსული დეზინფორმაცია.

დღის ამბები