29 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები და განცხადება მოსკოვიდან - კორონავირუსი, ღამურები და ლუგარი კრემლის საყვარელ მანიპულაციად რჩება

სოფელ ქვემო ჭალაში ახლა ყველა იმ სიახლის მოლოდინშია, რომ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობიდან სახლში დააბრუნებენ. თუმცა შორეულია, თუ ახლო ამგვარი პერსპექტივა, უცნობია.

დაჭრილი პატიმარი ერთადერთი არაა, ვინც საოკუპაციო რეჟიმს ჩაუვარდა ხელთ. ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობაშია ხვიჩა მღებრიშვილიც, რომლის ჩვენებაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. КГБ​-მ დღის ბოლოს გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, ის პროპაგანდისტული ხაზი, რომელსაც კრემლი ლუგარის ლაბორატორიაზე წლებია ავრცელებს.

ტყვეობაში მყოფს წინასწარ დაწერილი ტექსტით აიძულებენ იმის თქმას, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის მიზეზი ღამურები იყო, რომელზეც თბილისში მოთხოვნაა. კორონავირუსი, ღამურები და ლუგარი - კრემლის საყვარელ მანიპულაციად რჩება.

მაშინ, როდესაც მეჯვრისხევიდან და ქვემო ჭალიდან გატაცებულ 2 მოქალაქეს საკუთარ მიწაზე გადაადგილების გამო აკავებენ, კრემლი პროვოკაციასა და პოლიტიკურ სპექტაკლებში თბილისსა და მის პარტნიორებს აქეთ ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არსად იკითხება, რომ ამ მოცემულობაში მოსკოვს რაიმე წვლილი მიუძღვის. პირიქით, პათოსი შემტევია.

ის, რომ რუსეთი ამგვარად რეაგირებს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო ზეწოლამ მოსკოვს დისკომფორტი შეუქმნა და თავის მხრივ, პარტნიორებისგან ზეწოლას გააგრძელებენ. ოკუპანტი სახელმწიფოს დიპლომატიური უწყების ტექსტის შინაარსი თავის მხრივ დავით ზალკალიანისთვის ახალი არ არის. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს კრემლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მორიგი მცდელობაა, სადაც მოსკოვი ნეიტრალურ მხარედ წარმოჩენას ცინიკურად ცდილობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამჟამად ერთადერთია, ვისაც შეზღუდული მანდატით საოკუპაციო ხაზთან ოპერირება უწევს. ამასთან შეგუება მოუწევს EUMM-ს ახალ ხელმძღვანელსაც, მარეკ შჩიგელს დღეს პრეზიდენტმა უმასპინძლა, სადაც საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ ბოლო მოვლენებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ ვითარება მძიმეა და საჭიროა ყველა მექანიზმის ჩართვა. მათ შორის, მისიის მანდატის გაფართოვება, თუმცა, საამისოდ კრემლის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

ყველაფერთან ერთად, საკითხში ჩართულია სახალხო დამცველიც, რომელიც მჭიდრო კონტაქტზეა ზაზა გახელაძის ოჯახთან. ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვა რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაზეც, რომელიც ნინო ლომჯარიამ საგანგაშოდ აღიქვა, როგორც მოსკოვის მცდელობა ვითარება უფრო მეტად დაძაბოს.

ოპოზიციისთვის ოკუპანტის ენა უცხო არაა, კრემლის ქმედებები და შემდგომ მისი განცხადებები მათთვის ანტიქართულია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და ქვეყნის სუვერენიტეტს. თუმცა, კრემლი არაა მათი კრიტიკის ერთადერთი ობიექტი, ოპოზიცია მოსკოვის ამგვარ რიტორიკაში ბრალს ხელისუფლების რბილ პოლიტიკას სდებს, რომელიც მათთვის პასიურია და არაეფექტური.

ხელისუფლებისთვის ოპონენტების კრიტიკა ამ საკითხზე მიუღებელია, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პრობლემის შექმნას ოპოზიციის ნაწილის ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირებენ. ამავდროულად ხაზს უსვამენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევას გუნდში არ აკლებენ. რაც შეეხება მოსკოვს, ამ რიტორიკაში ნაწილი მათგანი ცვლილებებსაც ამჩნევს.

ვენაში მიმდინარე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველო კვლავ ელის მხარდამჭერ გზავნილებს. მანამდე კი, ქვეყანას სოლიდარობა გამოუთქვა სახელმწიფომ, რომელიც კრემლის აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია. უკრაინა მოსკოვისგან საქართველოს საზღვრებთან დესტაბილიზაციის შეწყვეტასა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

დღის ამბები