29 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
დაზიანებული სახლები და განადგურებული 4 000 ჰექტარი ვენახი - კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ისევ ვერ იმუშავა

კახეთი ზარალს ითვლის. ნახევარ საათიანმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მთელი წლის მოსავალი შეიწირა.
სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. ნახევარსაათიანი სეტყვის დროს 300 ჰექტარზე არსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ძირითადად ვენახები განადგურდა. კონდოლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, სწორედ მოსავლის რეალიზებაზე იყო დამოკიდებული მათი შემოსავალი.

კონდოლის მსგავსად, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფელ სანიორეში ყურძნის, ქერის, ხორბლის, პომიდვრისა და ლობიოს მოსავალი გაანადგურა. ყველაზე მეტი პრობლემები სტიქიამ სწორედ თელავის მუნიციპალიტეტს შეუქმნა. საუბარია 3 330 ჰექტარ დასეტყვილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხემ თელავის აეროპორტის კოშკურა და გალავანი დააზიანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თელავის მსგავსად, სტიქიამ ყვარლის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. განადგურებულია ვენახები, სავარგულები, ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა ამ რაიონებშიც მოგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები გადახადა.

რატომ ვერ იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ? - კახეთის გუბერნატორი ამ ფაქტს ძლიერი ქარით ხნის. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, 130–მდე სარაკეტო გასროლა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მოუწოდებენ ზარალის შესახებ შესაბამის უწყებას ინფორმაცია მიაწოდონ.

სტიქიის ზონაში ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. პრემიერმა მთავრობის გუნდის წევრებს დაავალა, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

სტიქია კახეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა წაქცეული ხის გამო რამდენიმე წუთი შეფერხებული იყო. საერთო ჯამში
თელავსა და ყვარელში 112 სახლი დააზიანა, განადგურებულია 4 000 ჰექტრამდე ვენახი.

დღის ამბები