29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობისთვის და 2 სასამართლო პროცესისთვის ემზადება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობისთვის და 2 სასამართლო პროცესისთვის ემზადება. ეს არის პირველი საერთაშორისო ტურნირი პანდემიის შემდეგ, რომლის საპრიზო ფონდი 2 მილიონი დოლარია.

საქართველოს პირველ ჩოგანს ვაშინგტონში გამგზავრება სკანდალის ფონზე მოუწევს, რადგან ყოფილ ცოლთან დავა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოძიებას ჯერჯერობით მყარი მტკიცებულება არა აქვს, ამ მიზეზით პროკურატურამ დღეს ძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. ამ დრომდე არც დოროყაშვილებს გაუსაჯაროებიათ ძალადობის დამამტკიცებელი დაანონსებული კადრები.

პარალელურად ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ახალი სამართლებრივი დავაც იწყება. საქმე ეხება საერთო, 5 წლის შვილს, რომელთანაც კონტაქტს მამას დედა უკრძალავს, თუმცა შემაკავებელ ორდერს ვადა უკვე გაუვიდა.

საქართველოს პირველი ჩოგანის ერთი გახმაურებული საქმე სამართლებრივად რამდენიმე გზას დაადგა. სასამართლოში დღეს 2 პროცესი იყო ჩანიშნული - ერთი, რომელიც უშუალოდ ოჯახური ძალადობის საქმეს ეხება - გადაიდო, მეორე საქმეზე კი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

რის გამო ატარებს ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 მაისის შემდეგ, ბრალდებულის სტატუსს მტკიცებულება ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პროკურატურის 56 დღიანი მუშაობა არასაკმარისი აღმოჩნდა, 24 აგვისტო კი ის მაქსიმალური ვადაა, რა პერიოდშიც სპორტსმენს ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა უნდა დაუმტკიცონ. 

ამ დანაშაულის ფარგლებში პოლიციას რამდენიმე შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, რომლის მოქმედების ვადაც უკვე გასულია. ამის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილს ისევ არ აძლევენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან კონტაქტი ჰქონდეს. ესეც სავარაუდოდ კიდევ ერთი მიმართულება იქნება, რაზეც სიმართლის გარკვევა მოსამართლეს მოუწევს.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი არ მალავს, რომ დაზარალებულ მხარეს რეკომენდაციების შესაბამისად, არ სურს არასრულწლოვანთან ბრალდებულ მამას რაიმე კონტაქტი ჰქონდეს.

ცნობილია, რომ 14 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს. შეთავაზება ამერიკული მხარისგან საქართველოს პირველმა ჩოგანმა ოფიციალურად მიიღო. სპორტული შეჯიბრიდან ზუსტად 10 დღეში მისთვის ახალი ბრძოლა უკვე თბილისში და სასამართლოში დაიწყება.

დღის ამბები