29 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია, სახელმწიფოს მხრიდან უამრავი ღირსეული შემოთავაზება მაქვს - ბათუმის ყოფილი მერი

ბათუმის არჩეული მერი გადადგა. ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა.

ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მას სახელმწიფოს მხრიდან აქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები.

"ჩემი მხრიდან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა ქალაქისთვის დამაზიანებელი. დამაზიანებელში ვგულისხმობ, მხოლო და მხოლოდ ერთ ფაქტორს, ქალაქი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა. მაქვს სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონდა,"- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

"ლელო" კი აცხადებს, რომ ბათუმის მერი თანამდებობიდან ზეწოლის გამო გადადგა. ოპოზიციონერები ბათუმელებისგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.

საკრებულოს დეპუტატი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობა ბათუმში სწორედ ამ გადაწყვეტილებით დასამარდა.

"თვითმმართველობაზე საუბარი ზედმეტია, ეს არის თამაში და ტრიუკი, რომელიც ბიძინას ახასიათებს. რაც შეეხება კომახიძეს, მე უფრო ფხიანი მეგონა. თვითმმართველობა ბათუმში ამ გადაწყვეტილებით დაასამარეს,"- განაცხადა ლევან ანთაძემ.

ლელოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე კი აღნიშნავს, რომ ბათუმელებს ქალაქის მერის არჩევის უფლება წაართვეს. მისი თქმით "ქართული ოცნება" შანტაჟზე ორიენტირებული პარტიაა.

შეგახსენებთ, რომ მერთან ერთად ბათუმში ვიცე-მერიც გადადგა. ბათუმს ერთი წლის მანზილზე მისი სახით მოვალეობის შემსრულებელი მერი ეყოლება.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.

დღის ამბები