29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის ყველაზე მასშტაბური შიარაღებული დაპირისპირება ბოლო 4 წლის განმავლობაში - ვის აწყობს განახლებული კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დღეს შედარებით მშვიდი ვითარებაა. მხარეებმა ცეცხლი მხოლოდ რამდენჯერმე გახსნეს, გამოიყენეს მძიმე შეიარაღება და უპილოტო საფრენი აპარატები. ოფიციალური ერევანი 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დაშავებულია 10 ადამიანი. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად იერიში დასახლებულ პუნქტებზეც მიიტანეს.

დანაკარგი აქვს აზერბაიჯანულ მხარესაც. ოფიციალური ინფორმაციით, 11 სამხედრო. მათ შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკი. ასევე, ოფიციალური ბაქოს ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიღუპა ერთი ადამიანი. პარალელურად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეომასალას, რომელზეც მათი თქმით, სომხეთის სტრატეგიული ობიექტების განადგურებაა ასახული.

უკვე მეორე დღეა, აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ დღეს სომხეთი პროვოკაციების ორგანიზებასა და თავდასხმაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაადანაშაულა.

რეგიონში შექმნილ კრიზისს შეერთებული შტატების და ევროკავშირის შემდეგ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოეხმაურა. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჯეიმს აპატურაი, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანის მოსახლეობა კი კონფლიქტის გაგრძელებას ითხოვს. "წინ, ჯარისკაცებო - ყარაბაღი ჩვენია" - ამ შეძახილებით ათეულობით ათასი ადამიანი ღამით ბაქოს ქუჩებში გამოვიდა. არმიის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მოხდა დაპირისპირებაც. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

დაპირისპირება ორი ქვეყნის საზღვრის ტოვუზის რაიონში, რომელიც თბილისიდან 111, ხოლო საქართველოს საზღვრის უახლოესი წერტილიდან 40 კილომეტრით არის დაშორებული, უკვე მესამე დღეა გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 16 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ არაოფიციალური სტატისტიკა გაცილებით შემაშფოთებელია.

დღის ამბები