შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დღეს დამთვალიერებლისათვის გაიხსნა. ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ვიზიტორებს კი შესვლისას თერმოსკრინინგი უტარდებათ.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნების საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.
ბაღი გაშენებულია 60 ჰექტარზე, საიდანაც 18 ჰექტარი დათმობილი აქვს ადგილობრივი ფლორის 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტ გიგანტურ ხე მცენარეს. ხოლო დანარჩენ 42 ჰექტარზე თავმოყრილია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა.
ბაღი უნიკალურია როგორც ესთეტიკური, დაუვიწყარი სილამაზის თვალსაზრისით, ასევე მას აქვს გამაჯანსაღებელი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობაც.
დღეს ბაღს ვიზიტორები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.